ЭКОНОМИКА

ავტონომია (აფხაზი თუ აფსუა?) (ნაწილი 5 )

20.11.15 20:05




1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულდემოკრატიული რევოლუციის შემდეგ დროებითი მთავრობის მიერ შექმნილმა "ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა" ადგილებზე შექმნა საგუბერნიო, სამხარეო და საქალაქო კომიტეტები. აფხაზეთის სამხარეო კომიტეტის კომისრად დაინიშნა თავადი ა. შერვაშიძე, ხოლო სამხარეო მილიციის ხელმძღვანელობა დაეკისრა თავად ტ. მარშანიას, აფხაზი თავადების რეაქციულმა ჯგუფმა და მათთან დაახლოებულმა წრეებმა დაიწყეს აშკარა ბრძოლა თავისი პოლიტიკური პრივილიგიების შესანარჩუნებლად. მათ ორიენტაცია აიღეს მთიელთა გაერთიანებულ კავშირზე, რომელიც შეიქმნა 1917 წლის მაისში1.



ამ პერიოდში ყოველი სამაზრო ქალაქი ესწრაფოდა თავი გამოეცხადებინა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ისტორიულ კურიოზად შეიძლება ჩავთვალოთ 1917 წლის აპრილში გამოცხადებული "შლისელბურგის სახელმწიფო", რომელშიც ყოველი სასოფლო დასახლება მოიაზრებოდა ამერიკის შტატების მსგავსად2.

რუსეთის ხელისუფალთა ერთსაუკუნოვანი ანტიქართული აგიტაციიდან გამომდინარე, "აფხაზთა" უმეტესობის ცნობიერებიდან ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი მხარდაჭერის საჭიროება მთლიანად ამოიძირკვა. მათში ძირითადად პროთურქული და პრორუსული ორიენტაცია დამკვიდრდა. ასეთ პირობებში, ქართული ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის რეალური საფრთხე, ანდა უკიდურეს შემთხვევაში მძიმე კონფლიქტების გარდუვალობა იქმნებოდა. ამის საფუძველს იმ ეტაპზე ამიერკავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ჩრდილოეთიდან "მოხალისეთა არმიის" შემოჭრის საფრთხეც განაპირობებდა. ყოველივე ეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეის საწინააღმდეგოდ, აფხაზეთის რეგიონიდან მოსალოდნელი სირთულეების გარდუვალობის დამადასტურებელია. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკოსების ყოველი ნაბიჯი სკურპულოზური სიზუსტით უნდა ყოფილიყო გათვლილი. ამის აუცილებლობას ის პასუხისმგებლობაც მოითხოვდა, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწეს მომავალი თაობებისა და ისტორიის წინაშე ეკისრება.

აფხაზთა მხარე მოითხოვდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის შექმნას და საქართველოსთან როგორც თანასწორი _ მეზობლური ურთიერთობის დამყარებას3.

1917 წლის 8 ნოემბერს სოხუმში მოწვეულ ყრილობაზე შეიქმნა აფხაზეთის სახალხო საბჭო, რომლის შემადგენლობა და მოქმედების ამოცანები 1918-1921 წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. მის მიერ მიღებულ იქნა "აფხაზი ხალხის ყრილობის დეკლარაცია", რაშიც დაისახა შემდგომი მუშაობის გაგრძელება "აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის შესახებ", ასევე მიიჩნიეს საჭიროდ "აფხაზეთის სახალხო საბჭოს კონსტიტუციის" შექმნა.

1918 წლის 9 თებერვალს თბილისში მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეროვნულ საბჭოს შორის საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური უფლებით შესვლის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეზრუნა "აფხაზეთის ისტორიული საზღვრების აღდგენაზე".

როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით აფხაზეთის ტერიტორია დანაწილებული იყო. კერძოდ, 1883 წელს შექმნილი სოხუმის ოლქი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში; გაგრა და მისი შემოგარენი კი ექვემდებარებოდა შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჩის ოლქს4.

ამ დროისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლშევიკებმა გააქტიურეს საქმიანობა. პირველი ცდა, დაემყარებინათ აქ ბოლშევიკური დიქტატურა, განხორციელდა 1918 წლის 1621 თებერვალს. სოხუმში შექმნეს სამხედორევოლუციური კომიტეტი ეფრემ ეშბას თავმჯდომარეობით. დამკვიდრდა შავიზღვისპირეთის ფლოტის (კრეისერ "დაკიას", ნაღმოსანი "შეუპოვარის") ბოლშევიკმატროსთა განუკითხავი ბატონობა.

მასობრივ გამოსვლებს ბოლშევიკი უზურპატორების წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის სახალხო საბჭო. 21 თებერვალს დროებითი რევოლუციური კომიტეტი ლიკვიდრებულ იქნა.

აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეორე ცდა განხორციელდა იმავე წლის 8 აპრილიდან 17 მაისამდე. აღნიშნულ პერიოდში ბოლშევიკებმა თავისი ხელისუფლება გაავრცელეს ყოფილი სოხუმის ოლქის მთელ ტერიტორიაზე, კოდორის, (ოჩამჩირის) ნაწილის გარდა.

17 მაისს განთავისუფლებულ იქნა ბოლშევიკებისაგან სოხუმი და სოხუმის ოლქი 22 აპრილს შექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ჯარების მიერ ვალიკო ჯუღელის სარდლობით.

1918 წლის 8 ივნისს საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება აფხაზეთისათვის ფართო საშინაო ავტონომიის მინიჭებისა და სამხედრო დახმარების შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე 1722 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოახდინა ქართული არმიის ნაწილების გადაადგილება გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც განლაგდნენ ზღვის სანაპიროზე ტუაპსედან სოჩამდე. როგორც ვხედავთ, ქართული არმიის ნაწილების დისლოკაციის შეცვლა ორივე მხარის თანხმობით მოხდა. მიუხედავად ამისა სახალხო საბჭომ პროვოკაციული განგაში ატეხა და 12-13 სექტემბერს მიმართა ყუბანის კაზაკთა ფორმირებების მეთაურს გენერალ მ. ს. ალექსეევს თხოვნით "გაეთავისუფლებინა აფხაზეთი საქართველოს სამხედრო ჩარევისაგან"∗.

საქართველოს მთავრობამ დაშალა აფხაზეთის სახალხო საბჭო სახელმწიფო გადატრიალების ცდისათვის, რაც მიზნად ისახავდა საქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოშორებას. დააპატიმრა შეთქმულები, რომლებმაც კავშირი დაამყარეს გარეშე ძალებთან. სოხუმის ოლქის საგანგებო კომისრად დაინიშნა ჩ. ჩხიკვიშვილი. დაიწყო მომზადება აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებისათვის5.

ამავე დროს რუსეთის წითელი თუ თეთრი ძალები საქართველოს ოკუპაციაზე ფიქრობდნენ. კერძოდ, 1919 წლის იანვარში თეთრგვარდიელი გენერალი ი. ა. დენიკინი შეტევას იწყებს სოხუმზე. დენიკინის შეხედულებით, აფხაზეთი წარმოადგენდა "ერთიანი რუსეთის განუყოფელ" ნაწილს. საქართველოს ჯარებმა მოიგერიეს დენიკინის აგრესია.

1919 წლის 1822 მარტს მიმდინარეობდა ახლად არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს სესია, სადაც პირველსავე სხდომაზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნა, რომ აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ნაწილი. 1921 წლის თებერვალს მიღებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში დადასტურდა აფხაზეთის ავტონომიის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში.

ოქტომბრის გადატრიალებით მოპოვებული ხელისუფლების შენარჩუნება ბოლშევიკებმა ადრე გაცემული დაპირებების წყალობით მოახერხეს. მათი დაუყოვნებელი რეალიზაცია ახალი ხელისუფლების პრესტიჟისათვის იყო აუცილებელი და იმ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა თავიდან აცილებისათვისაც, რაც დაპირებათა შეუსრულებლობას უეჭველად მოჰყვებოდა. ამასთან ერთად, ადგილობრივ მართვაგამგეობას ისეთი ფორმა უნდა ჰქონოდა, რომ ხელისუფლებისათვის ხალხის სრული მორჩილებით "სოციალიზმის მშენებლობისათვის" საჭირო ვითარებაც ყოფილიყო გარანტირებული. გამოყენებულ იქნა იმპერიის ისტორიაში კარგად ცნობილი "სამოურავო სისტემა"; გარკვეული პირი, ამ შემთხვევაში მსხვილი პარტიული ფუნქციონერი, იბარებს ეროვნებასა თუ ერს ტერიტორიითურთ, კისრულობს პოლიტიკურ და სამეურნეო ვალდებულებებს, რომელთა შესასრულებლად აჰყავს ხელქვეთთა შტატი და თავისივე ხალხის მორჩილებისათვის ეყრდნობა მპყრობელი ერის სამხედრო ძალას. ამ ერთეულებს დაერქვათ ავტონომიური "რესპუბლიკები", "ოლქები", "ნაციონალური ოკრუგები" და სხვ.

ქართველი ერის დამოუკიდებლობა რუს ბოლშევიკებს ბურჟუაზიულ ნაციონაოლიზმად ჰქონდათ მონათლული, ასე იყო საჭირო მათი სახელმწიფოსათვის. ორჯონიკიძეს აქტიურად უჭერდა მხარს ქართველი ბოლშევიკების უმრავლესობა და, რა თქმა უნდა,

თვით სტალინიც ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით. ქართველთა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის აღმოსაფხვრელად, პანაცეად იქცა ჩვენი ეროვნული ენერგიისა და ტერიტორიის დაქუცმაცება, ერთა შორის წინააღმდეგობათა გამწვავებისათვის ხელის შეწყობა.

კრემლის დიქტატით წარმოებული ეროვნული იდეოლოგია, ხელს უწყობდა "მოკავშირე" რესპუბლიკებში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა კონსოლიდაციას. განსაკუთრებით ვისაც ავტონომიური სტატუსი მიანიჭეს. მათი ყურადღების ხარჯზე ხდებოდა ძირითადი, აბორიგენი ერის უფლებების შეზღუდვა, ერთგვარი დაპირისპირების ხელოვნური შექმნა. უკანონოდ, სხვის მიწაზე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს გარკვეული ნაღმის როლი უნდა შეესრულებინათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ასეთი სახის რესპულიკა შეეცდებოდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო, რომელიც კომუნისტური რეჟიმის ერთგვარ სასინჯ ქვასა და "ლაბორატორიას" წარმოადგენდა.

1921 წლის აპრილში რუსეთის სამხედრო ატაშე საქართველოში გენერალმაიორი პ. სიტინი მთავრობისადმი მოსკოვში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორული და მატერიალური დასუსტებისათვის აუცილებელი იყო აფხაზეთის ტერიტორიის საქართველოსაგან ჩამოცილება. მისი აზრით "აფხაზეთის ჩამოშორება გამართლებულია ყველა მოსაზრებით და ამის განხორციელების დაგვიანება ჩვენთვის არასასურველი შედეგებით დამთავრდება"6. რუსეთის ხელისუფლებამ "ბრწყინვალედ" განახორციელა აღნიშნული რეკომენდაცია.

ავტონომიური ერთეულების შექმნისას გარკვეული როლი შეასრულა ლოზუნგმა _ კომუნიზმის დროს სულ ერთია მაინც წაიშლება საზღვრები ურთიერთშორისო. ანტიპატრიოტულად განწყობილი ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ უაღრესად მტკივენულ აქტს სრული გულგრილობით შეხვდა "კომუნიზმისა" და "ინტერნაციონალიზმის" დემაგოგიური ლოზუნგებით მოტყუებული ერის ერთი ნაწილი7.

როგორც ცნობილია, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა აფხაზეთში 1921 წლის 4 მარტს. 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი ე. ეშბას (თავმჯდომარე), ნ. ლაკობასა და ი. აკირტავას შემადგენლობით. ფუნქციონირება დაიწყო აგრეთვე რკპ (ბ) აფხაზეთის საორგანიზაციო ბიურომ. ამავე დროს ბოლშევიკებს თავისი გეგმები ჰქონდათ საქართველოს მომავალი მოწყობის შესახებ. უკვე 1921 წლის 2 მარტს ეფრემ ეშბა აფხაზეთის რევკომის სახელით მოითხოვდა აფხაზეთის დამოუკიდებლ რესპუბლიკად გამოცხადებას ან აფხაზეთის შესვლას რსფსრ შემადგენლობაში.

"სოხუმის ოლქის მოსახლეობის 80%ს შაედგენენ აფხაზები _ აღნიშნავდა ე. ეშბა, _ რომელთაც არ სურთ შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში". ეს იყო აფხაზეთის კომუნისტების პოზიცია, რომ აფხაზეთი ჩამოეშორებინათ საქართველოსაგან. ჯერ ერთი, აფსუა კომუნისტებს სოხუმის ოლქის აფხაზ მოსახლეობაში რეფერენდუმი არ ჩაუტარებიათ, მეორეც, სოხუმის ოლქში არ შეიძლებოდა ყოფილიყო 80% აფხაზი, რადგანაც მაშინ აფხაზები ოლქის ტერიტორიაზე 36 ათასს შეადგენდნენ. ამდენად, აფხაზები ქართველებთან შედარებით მაშინაც უმცირესობა იყვნენ.

როგორც ვიცით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მოსკოვში ეშბამ და ორჯონიკიძემ მოილაპარაკეს, რომ აფხაზეთი შევიდოდა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით, ხოლო მოგვიანებით, როცა საქართველო კომუნისტების ხელში აღმოჩნდა, ეშბამ და აფსუა კომუნისტებმა შეიცვალეს პოზიცია.

აფსუა ხელმძღვანელების აზრით, თუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ დააფიქსირა აფხაზეთის ავტონომია, მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას "საგანგებოს" _ რევკომის სახით მეტი უნდა მიეცა მათთვის, ე. ი. გამოეცხადებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამით ეჩვენებინა ეროვნული საკითხისადმი თავისი შედარებით "პროგრესული" დამოკიდებულება.

მაშინ არავის მოსვლია აზრად, რომ არღვევდა (ფეხქვეშ თელავდა) საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას8.

2831 მარტს რკპ (ბ) ცკ კავბიუროს ხელმძღვანელობითა და ს. ორჯონიკიძის ინიციატივით "ბათუმის თათბირმა" განიხილა აფხაზეთში "საბჭოთა ხელისუფლების სტრუქტურის" საკითხი, სადაც მოამზადა ნიადაგი აფხაზეთის სსრ გამოცხადების შესახებ, 1921 წლის 31 მარტს კი ოფიციალურად გამოაცხადეს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

აფხაზეთის საქართველოსაგან მოწყვეტას და ცალკე რესპუბლიკად გამოცხადებას, სადაც აღნიშნული პერიოდისათვის 70%ზე მეტი ქართველი ცხოვრობდა, უარყოფითად შეხვდა ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. გამოითქვა მრავალი დასაბუთებული მოსაზრება, მაგრამ...9

ასეთ აქტს მომავალში რა შედეგებიც მოჰყვებოდა კარგად იგრძნო ზოგიერთმა ქართველმა და აფსუა ბოლშევიკმაც. მათი მეცადინეობის შედეგს წარმოადგენდა 1921 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რკპ (ბ) ცკ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები, რომელმაც აიღო ორიენტაცია აფხაზეთის "ავტონომიზაციაზე" საქართველოს სსრ შემადგენლობაში.

1921 წლის 16 დეკემბერს საბჭოთა საქართველომ და საბჭოთა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს "განსაკუთრებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას", რის საფუძველზეც ფაქტიურად გაერთიანდა მათი ტერიტორია. 1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა აფხაზეთისა და საქართველოს სსრ სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ამავე დროს მიღებული საქართველოს სსრ კონსიტიტუციაშიც აღინიშნა, რომ აფხაზეთი "უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას _ ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე"10.

საგულისხმოა, რომ 1922 წლის მარტში შექმნილ ამიერკავკასიის ფედერაციაში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

აფხაზეთის სახელშეკრულებო რესპუბლიკას საკავშირო, ცენტრალური ხელისუფლება ფაქტობრივად ავტონომიური რესპუბლიკების მწკრივში განიხილავდა და ეს აისახა სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში, სადაც აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად არის მოხსენიებული11.

საბჭოთა რუსეთს თავისი წარმომადგენლები ჰყავდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკიდან _ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამავე რესპუბლიკებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ რუსეთში. რუსეთსა და აფხაზებს შორის წარმომადგენლბის გაცვლა არ მომხდარა. რუსეთს არც ხელშეკრულება გაუფორმებია აფხაზეთთან. მან მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სუვერენიტეტი ცნო. აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. და ეს იმიტომ, რომ აფხაზეთი არ წარმოადგენდა რეალურად არსებულ დამოუკდიებელ (თუნდა საბჭოური გაგებით) რესპუბლიკას12.

თვით აფხაზ მოღვაწეთა აღიარებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოცხადებულ იქნა "დროებით", "ერთი წუთით", "აბრისათვის" და ა. შ., მაგრამ აფხაზეთი რეალურად არც "ერთი წუთით", არც "დროებით" არ ყოფილა დამოუკიდბელი. აფხაზეთი იმ 10 წლის მანძილზეც (1921-1931 წწ.) სავსებით დამოკიდებული იყო საქართველოზე, რომელიც თავისთავად ოკუპირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ და, ცხადია, დამოკიდებული იყო მასზე, შემდეგ _ სსრ კავშირზე. აფხაზეთის ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტის ნაწილს წარმოადგენდა. აფხაზეთის მთავრობა, პარტიული ორგანოები ანგარიშვალდებული იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წინაშე. აფხაზეთი არა ცალკე, არამედ მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შედიოდა ამიერკავკასიის ფედეარციასა და სსრ კავშირის შემადგენლობაში. როგორც საქართველოს, ისე საკავშირო ორგანოები აფხაზეთს მუდამ განიხილავდნენ როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას13.

აფხაზეთის ზემოაღნიშნული სტუატუსი რომ არ შეეფერებოდა არც ისტორიულ და არც რეალურ ვითარებას კარგად გრძნობდნენ საბჭოთა სახელმწიფოს მესვეურებიც. ადრე დაშვებული შეცდომის ნაწილობრივ გამოსწორებას ისახავდა მიზნად ცაკის 1930 წლის აპრილის III სესია, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარდაექმნათ "ხელშეკრულებითი" აფხაზეთის სსრ აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში.

აქედან გამომდინარე 1931 წლის 11 თებერვალს საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ საბჭოების VI ყრილობების გადაწყვეტილებით აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით.

საქართველოს სასაზღვროტერიტორიული ცვლილებების საკითხი მოსკოვმა თავიდანვე საკუთარ პრეროგატივად აქცია. საქართველოში შექმნეს სამი ავტონომიური წარმონაქმნი. ერთ ფიორა ტერიტორიაზე სამი ავტონომიის არსებობა ინტერნაციონაოლიზმის ორჯონიკიძისეული გეგმის ნაყოფად უნდა ჩაითვალოს. ან უნდა მივიღოთ, რომ იგი ოქტომბრის გადატრიალების ჭეშმარიტ მიზნებში ჩინებულად ერკვეოდა _ "დაყავი და იბატონე!"

ავტონომიასა და მის დაწესებულებებს ორასი, სამასი ისეთი თანამდებობა ახლავს, რომლებიც ამდენივე პირის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ისე, რომ რაიმე გამორჩეული ნიჭი, ჭკუა და შრომისმოყვარეობა საჭირო არ არი... მოურავი ამ თანამდებობებს ახლობლებსა და სანდო პირებში ანაწილებდა. იქმნებოდა სიბარიტების კასტა, რომელიც მომდევნო, მხვეჭელთა ფენას აყალიბებდა და მის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას მფარველობდა ყოველთვიური ფულადი თუ სხვა რამ ღირებულებრივი მოსართმევის საკომპენსაციოდ. მხვეჭელები, ხაზინისა და ხალხის ძარცვით, სარფიანი ადგილების გაყიდვით, სპეკულაციით, ხელქვეითთა დაბეგვრით, ქრთამითა და სხვა საშუალებებით მდიდრდებოდნენ, ამდიდრებდნენ მფარველებს და, რა თქმა უნდა, მორჩილებაში ჰყავდათ თავისი კლანები. ასე ხორციელდებოდა რეგიონში სიმშვიდე, სტაბილურობა და ადგილობრივი "პირველი კაცის" ვალდებულებების შესრულება13.

სრულიად შეუძლებელია ნორმალური ლოგიკით ახსნა, თუ რატომ მიენიჭათ ერთგან ეროვნულ უმცირესობებს ავტონომიის სტატუსი და სხვაგან საერთოდ არაფერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი წარმონაქმნების ისტორიულ უნიადაგობაზე.

ვერც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში და ვერც საბჭოურ იურიდიულ ლიტერატურაში ვერ იპოვით განმარტებას _ როდის, როგორ, რა პირობით, რა უფლებებით შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ ხალხმა ავტონომიურობა. ყველა საბჭოური ავტონომია შექმნილია სსრკის იმდროინდელ მმართველთა გუნებაგანწყობილების შესაბამისად.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილებაში და სამართლებრივ კონცეფციებში პოლიტიკური ავტონომია სრულებით არ გვევლინება ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების გადაჭრის გზად, არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი არ შეიცავს ასეთი ავტონომიის შექმნის სახელმწიფო ვალდებულებებს14.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ რუსეთში არსებულ ავტონომიებსა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოში შექმნილ ავტონომიურ წარმონაქმნებს შორის პრინციპული განსხვავებაა და არ შეიძლება მათი საერთო, საბჭოთა სახელმწიფოს თვალთახედვით განხილვა. გარკვევით უნდა ითქვას, რომ რუსეთში არსებული თითქმის ყველა (თუ აბსოლუტურად ყველა არა) ავტონომიური წარმონაქმნი არის რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს დაპყრობილი თუ "ნებით შეერთებული" (რატომ გასაგებია), მანამდე დამოუკიდებლად არსებული ქვეყნები. მაგალითად, ჩრდილო კავკასიის ტერიტორია, სადაც შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური ერთეულები შეიქმნა, ჩრდილო ოსეთის, ყაბარდობალყარეთის, ჩეჩენინგუშეთის, დაღესტნის... სხვადასხვა დროს რუსეთის მიერ დაპყრობილი, თუ სხვადასხვა პირობით შეერთებული მიწაწყალია.

სულ სხვა ვითარებაა საქართველოში. რაც შეეხება აჭარას, ყველამ კარგად ვიცით, რომ აჭარა საქართველოა და აჭარლები ქართველები არიან. ყველაზე კარგად ეს თვით აჭარლებმა იციან და აჭარის პრობლემა არ დგას და არც დადგება.

ის ტერიტორია კი, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები, უძველესი დროიდან ქართული მიწაწყალია, ქართულ სახელმწიფოთა ფარგლებში მყოფი რეგიონებია15.

1992 წლის 3 მარტს ვაშინგტონში, რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ბჭობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ მდგომარეობაზე. განხილულ საკითხთაგან ერთერთი ცენტრალური იყო სიტუაცია კავკასიაში, მათ შორის საქართველოში. ამ თემაზე ისაუბრა ცნობილმა ამერიკელმა სოვეტოლოგმა, პროფესორმა ვიქსმანმა. პროფესორმა აღნიშნა, რომ "ჩემს მრავალ პუბლიკაციაში ვსვამ კითხვას: რატომ არსებობს აფხაზეთის ავტონომია? განა საგულისხმო არ არის ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა თავიდან მხოლოდ 34 ათასი აფხაზისათვის შეიქმნა? _ ვიქსმანის მართებული დასკვნით _ თავიანთი ტერიტორიის საკითხებს ქართველები საქართველოში კი არ წყვეტდნენ, არამედ მოსკოვში ხდებოდა"16.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეროვნულ უმცირესობას არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება, რადგან, ეს, პირველ ყოვლისა, არსებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას აყენებს საფრთხის ქვეშ და ეთნოკონფლიქტების გამოწვევის ერთერთი ძირითადი მიზეზი ხდება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სამართალი თვითგამორკვევის უფლებას აძლევს მხოლოდ კოლონიურ და დამოკიდებულ, ე. ი. ძალით მიერთებულ და მორჩილებაში მყოფ ხალხებს. ეროვნულ უმცირესობას კი, რომელიც სხვადასხვა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად უცხო ქვეყნების ბინადარი გახდა, მიუხედავად ცხოვრების დროის ხანგრძლივობისა, თვითგამორკვევის უფლება არა აქვს.

————————

1 М. Габедава, Общественнополиническое движение в Абхазии в 1917-1921 года, ჟურნ. "პოლიტიკა", 1993, #8 გვ. 2.

2 Р. Медведев, В. Ермаков, «Серый кардинал», М., 1992, с. 230.

3 შ. ვადაჭკორია, ქართული სოციალდემოკრატია 1917-1921 წლებში, თბ., 2001, გვ. 222.

4 ჩ. М. Червонная, Абхазия – 1992: Посткоммунистическая вандея, М., 1993, с. 175.

∗ ეს ფაქტი ორი წვეთი წყალივით ჰგავს მაშინდელი და 90-იანი წლების დასაწყისის აფსუა ლიდერების პოლიტიკას. ასევე პროვოკაციულად დაარღვია შეთანხმება 1992 წლის 14 აგვისტოს აფსუების ლიდერმა ვ. არძინბამ და სახელმწიფო ჯარების გადაადგილება საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიყენა აფსუათა საყოველთაო მობილიზაციისა და საქართველოს წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად.

5 ს. ჩერვონნაია, დასახ. ნაშრომი, გვ. 176.

6 გ. დანელია, ტოტლებენიდან გენერალ ლებედამდე, ჟურნ. "პოლიტიკა", 1996, #910 გვ. 10.

7 ვ. მჭედლიშვილი, იმპერიის მარწუხებში, თბ., 1990, გვ. 25.

8 ა. მენთეშაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 53, 54.

9 ტრიბუნა, 1922, 25 იანვარი.

10 საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978), თბ., 1983, გვ. 73.

11 ლ. თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წლები), თბ., 1999, გვ. 78.

12 ლ. თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წლები), თბ., 1999, გვ. 79.

13 ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 81.

14 აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები, თბ., 1993, გვ. 19-20.

15 საქართველოს რესპუბლიკა, 1992, 31 იანვარი.

15 მ. ლორთქიფანიძე, ომი მშვიდობამ უნდა შეცვალოს, "საქართველოს რესპუბლიკა", 1992, 12 იანვარი.

16 დრონი 1992, 25 აპრილი.

(ავთანდილ სონღულაშვილი)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента