ЭКОНОМИКА

ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (IV-VIII სს) თავი II. აფხაზეთის ზღვისპირა ძეგლები

20.11.15 20:19




ბიჭვინთა უაღრესად რთულ და საინტერესო ძეგლთა კომპლექსს წარმოადგენს. დასახლებათა ეს სისტემა ქალაქის ზღუდის გარეთაც ფართოდ ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ეკონომიკურ "ქვეყანაში" მოსახლეობის გარკვეულ კონცენტრაციას გულისხმობს. სწორედ ამაზე მეტყველებს მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბიჭვინთის კონცხზე გამოვლენილი ტაძრების სიმრავლე, რაც იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ სამწყსოს ძირითად კონტიგენტს აქ რომაელ ჯარისკაცებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეადგენდა. უშუალოდ გალავნის შიგნით, ე.წ. III უბანზე, რომელიც ბიჭვინთის ნაქალაქარის ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი, 4 სხვადასხვა დროის ეკლესიის



36
ნანგრევებია დადასტურებული, რომლებიც ერთიმეორეზეა დაშენებული (ტაბ. I,1). ბიჭვინთის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, მათ შორის მოზაიკა, სხვადასხვაგვარადაა დათარიღებული, მაგრამ ძირითადი ქრონოლოგიური ჩარჩოები IV-VI სს-ებით არის განსაზღვრული.
ნაქალაქარის ე.წ. ეკლესიების უბნის, III ნაკვეთის, სტრატიგრაფიულ სურათში გარკვეული სიცხადე შეიტანა 1970-73 წლების საველე სამუშაოებმა, დადასტურდა ურთიერთმონაცვლე 5 სამშენებლო დონე [აფაქიძე ა., 1977, გვ. 39-63]. ბიჭვინთის უძველესი ეკლესია (ქვემოდან II სამშენებლო დონე) წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, ნახევარწრიული აფსიდით შენობის მთელ სიგანეზე. ნაგებობის ზომებია: 25X10 მ, კედლის სისქე 0,8 მ (ტაბ. I,2). ეკლესიის აფსიდაში აღმოჩნდა ადრექრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის ჭურჭლის ფრაგმენტერბი (ტაბ. XII,2), რომელიც საგანგებოდ იქნა შესწავლილი ნ. უგრელიძის მიერ და IV ს-ის პირველი ნახევრით განსაზღვრული [უგრელიძე ნ., 1983, გვ. 105-106]. ი. ციციშვილის მიერ ეს ბაზილიკა IV ს-ის დასაწყისით თარიღდება [ციციშვილი ი., 1977, გვ. 100]. ძეგლის უახლოეს ანალოგს ნოქალაქევში გამოვლენილი უძველესი ეკლესია წარმოადგენს – დარბაზული ნაგებობა, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც IV ს. I ნახევრიT თარიღდება [ზაქარაია პ., კაპანაძე თ., 1991, გვ. 166-7, 261]. რ. რამიშვილის აზრით, ბიჭვინთის უძველესი ეკლესია სტრატიგრაფიული მონაცემებით და არქეოლოგიური მასალებით შეიძლება დათარიღდეს III ს-ის 70-80-იანი წლებით და

37
ნასტაკისის III ს-ის II ნახევრით დათარიღებულ დარბაზულ ეკლესიასთან ერთად უნდა ჩაითვალოს უძველეს ქრისტიანულ ნაგებობად საქართველოს ტერიტორიაზე [რამიშვილი რ., 1999, გვ. 4].
III-IV სს-ში ბიჭვინთა მძლავრ აღმავლობას განიცდის, თუმცა IV ს-ის 70-იან წლებში ჰუნების დამარბეველმა ლაშქრობამ დიდი დარტყმა მიაყენა მას, რაც კარგად დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებით, გლიპტიკური ძეგლების და ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. ბიჭვინთის სამაროვანზე III-IV სს-ის 26 ბეჭედია აღმოჩენილი, IV-ს-ის 70-იანი წლებიდან მოყოლებული V ს-ის ჩათვლით საბეჭდავი ბეჭდები არ მოგვეპოვება, VI ს. მხოლოდ ერთი ფარაკიანი ბეჭედია ცნობილი იუსტინიანე I-ის გამოსახულებით [მშვილდაძე მ., 1994, გვ. 106-107]. IV საუკუნე ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალის უჩვეულო სიუხვით (500-ზე მეტი მონეტა) გამოირჩევა, რომელთა უმრავლესობა ანტიოქიაშია მოჭრილი (104), რაც კარგად ადასტურებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ორ ადრექრისტიანულ ცენტრს – ანტიოქიასა და ბიჭვინთას – შორის. თითქმის თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი მცირე აზიის ქალაქების: ნიკომედიის (48), ქიზიკისა (44) და კონსტანტინოპოლის (40) საფასეები; საინტერესოა, რომ IV ს-ის მონეტებიდან არც ერთი ცალი არაა მოჭრილი საკუთრივ რომის ზარაფხანაში [დუნდუა გ., 1975, გვ. 375-413]. IV ს-ის დამდეგისთვის, როგორც ცნობილია, მთელი აღმოსავლეთის ეკლესიების ცენტრი ანტიოქია იყო. მისი სულიერი გავლენა ვრცელდებოდა არ მარტო მცირე აზიაზე, პონტოსა და აზიის

38
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, არამედ სპარსეთზე, სომხეთსა და საქართველოზე [მშვილდაძე მ., 2003, გვ. 193]. სწორედ ამ უჩვეულო აღმავლობის პერიოდში იგება მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა (ქვემოდან III სამშენებლო დონე). იგი უძველეს ბაზილიკაზეა დაშენებული და წარმოადგენს დიდ სამნავიან ნაგებობას ხუთწახნაგოვანი რამდენადმე ასიმეტრიული აფსიდით და ნართექსით, სადაც სანათლავია გამართული, მარმარილოს სვეტებით და მდიდარი მორთულობით, მოზაიკური იატაკით, რომელიც ყველაზე უკეთ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში და ნართექსში შემოინახა. ბაზილიკის ზომებია: 28,03X13,2 მ (ტაბ. I,3). ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი და საკურთხეველში დაცული ორი ბერძნული წარწერა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს ადრექრისტიანული აფხაზეთისა. პირველად ამ მოზაიკას იხსენიებს 1915 წელს ა.ზოტოვი. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV-VI სს-თი არის დათარირებული.ჩვენის აზრით, გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი [Мацулевич Л., 1956, გვ. 153]. ეს ბაზილიკაც, სავარაუდოდ, IV ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული და იგი სტრატოფილე ბიჭვინთელის რეზიდენციას წარმოადგენდა [რამიშვილი რ., 1999, გვ. 40].
IV ს-ის შუა ხანებში ბიჭვინთამ დიდი ნგრევა განიცადა, პირველი მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა მთლიანად დანგრეულია, მაგრამ იმავე IV ს-ში ტაძარი კვლავ აღუდგენიათ: იცვლება

39
აფსიდის ფორმა, იქმნება ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდა, მცირდება ტაძრის ნართექსი, მარმარილოს სვეტებს ცვლიან ბურჯები აგურის შრეების დატანებით. შენობის ზომებია: 28,4X14,6 მ, კედლის სისქე 0,90-1,10 მ (ტაბ. I,4) კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ამოყვანილია მქისედ დამუშავებული ზღვური კონგლონერატის ბლოკებით კირის სქელ დუღაბზე. ყველგან დაცულია რიგების ჰორიზონტალობა და წყობაში ქვის გადაბმა. აფსიდის კონგლომერატის ბლოკების წყობაში აგურის ორი რიგის შრეებია დატანილი. შიგნიდან კედლები შელესილი ყოფილა და მოხატული ფრესკებით. კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები – ყავისფერი და წითელი ფერის კვალით აღმოჩნდა საკურთხევლის ნაწილში და ჩრდილოეთის ნავში. მოზაიკური იატაკის გადარჩენილი უბნები კვლავ გამოიყენება, განადგურებული ადგილები კი კერამიკული ფილებით იფარება. ამავე დროსაა აგებული ამ უბნის გალავანი, რომელმაც ტაძარი, აბანო და სხვა ნაგებობანი შიგნით მოიქცია [ციციშვილი ი., 1977, გვ. 83-87].
IV ს-ის ბოლო მესამედში ბიჭვინთა ძირფესვიანადაა აოხრებული, რადგან ყველაზე მძლავრი ზედა ნახშირ-ნაცროვანი ფენა უშუალოდ ფარავს IV ს-ის არქეოლოგიური მასალების შემცველ ფენას. როგორც ჩანს ჰუნთა ურდოების ერთი მძლავრი ტალღა კავკასიის შავიზღვისპირეთსაც გადმოწვდა. ტაძარიც სრულიად განადგურებულია, იგი უკვე აღარ აღუდგენიათ, შუა და ჩრდილოეთ ნავში ხუთი ადრექრისტიანული სამარხია ჩაშვებული [ციციშვილი ი., 1977, გვ. 101].
40
VI ს-ის პირველ მესამედში ბიჭვინთაში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა, აშენდა ყველაზე ზედა სამშენებლო დონის კუთვნილი ეკლესია, რომელიც იმავე საკუნის 40-იან წლებში, სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ბიზანტიელების მიერვე იქნა დანგრეული ქალაქის გალავანთან ერთად. ესაა დარბაზული ნაგებობა, სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდით და ნართექსით. შენობის ზომებია: 17,45X11,6 მ (ტაბ. I,5). კედლები დაახ. 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი თავისი აფსიდით ღრმად იჭრება ძველი ბაზილიკის ნართექსში. ეკლესიის სივრცე კედლების ღრმა შვერილებით (1,92-1,96 მ) ორ ნაწილად იყოფა. გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით, რასაც ჩამოქცეული კამარის დიდი ფრაგმენტი მოწმობს. სახურავი კრამიტისა იყო. კედლები ნაგებია კონგლომერატის ბლოკებით კირის დუღაბზე, თუმცა წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც, წყობა წესიერია, დაცულია რიგების ჰორიზონტალობა. კედლები შელესილი ყოფილა, რასაც ბათქაშის შემორჩენილი უბნები მოწმობს [ციციშვილი ი., 1977, გვ. 92].
პიტიუნტის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან გარკველ მსგავსებას პოულობს ბულგარეთში კაბილეს ძეგლზე გამოვლენილი ადრექრისტიანული ბაზილიკები. აქ, ბიჭვინთის ტაძრების მსგავსად რამდენიმე (სამი) სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა. კაბილეს I ბაზილიკა წარმოადგენს სამნავიან, ე.წ. "ელინისტური" ტიპის ბაზილიკას ნახევარწრიული აფსიდითა და ნართექსით. ტაძარი IV ს. შუა წლებშია აგებული; მისი განადგურება კი, გოთების თავდასხმას (378 წ.) უკავშირდება. II ბაზილიკაში ხდება

41
ცვლილებები აფსიდასა და დეკორაციაში. ჩნდება ბაპტისტერიუმი და სადიაკვნე. ბიჭვინთის მეორე ბაზილიკის მსგავსად აქაც ნაოსის იატაკი მოზაიკით იფარება. მოზაიკა რამდენიმე პლასტისაგან შედგება და ძირითადად ტრადიციული გეომეტრიული მოტივებითაა წარმოდგენილი. კაბილეს მესამე ბაზილიკა V ს-ის დასაწყისშია აგებული. მისი განადგურება კი 587 წელზე მოდის, როცა თრაკიელთა მიწები სისხლისმღვრელი ომების არენად იქცა [Кабиле, 1982, გვ. 156].
ბიჭვინთის ნაქალაქარის ზღუდის გარეთ, მის უშუალო სიახლოვეს, ჯერ კიდევ ქალაქის ფუნქციონირების პერიოდში ჩნდება დასახლება. იგულისხმება X ს-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, მისგან დასავლეთით 40 მ-ის მანძილზე 1980-81 წლებში გ. ლორთქიფანიძისა და ზ. აგრბას მიერ გაითხარა ადრექრისტიანული ტაძრების კიდევ ერთი კომპლექსი, სადაც ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. პირველი პერიოდი V-VI სს-ით თარიღდება, მეორე კი – VI-VII სს-ით. ბიჭვინთის დიდი ტაძრის მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1925 წელს ა. ბაშკიროვმა ჩაატარა, შედეგად მიაკვლია დიდი ბაზილიკური ტიპის სამნავიანი და სამაფსიდიანი ტაძრის ნანაგრევებს, რომელიც მან გვიანბიზანტიური ეპოქით დაათარიღა [Башкиров А., 1926, с. 39]. 1925 წელს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა სამხრეთი ფასადის კედლის ფრაგმენტები და ორი გვერდითი 4,10 მ-ის სიგანის აფსიდები, ისინი ბაშკიროვის მიხედვით, გეგმაში ნახევარწრიულია, ნახევრადექვსწახნაგა წრეში ჩასმული. აგებულია ქვიშაქვის კვადრებით, გამოუყენებიათ აგურის სარტყელებიც,
42
რომელთა რაოდენობა 2-დან 4 რიგამდე მერყეობდა. გათხრები მას ამ ორ აფსიდას შორის ჩაუტარებია, სადაც ცენტრალურ საკურთხეველს ვარაუდობდა. მან აფსიდის კედლის საძირკველი და საკურთხევლის "ფსევდო-მოზაიკური" იატაკი დააფიქსირა. ამ ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევებში ექსპედიციამ ადრებიზანტიურ, იონიური ტიპის მასიურ კაპიტელს მიაკვლია [Башкиров А., 1926, с. 35], რომლის ახლო პარალელია ვაშნარის ბაზილიკის მცირე მარმარილოს სვეტისთავი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 30-31]. აღნიშნული ბაზილიკა ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ახ.წ. VI-VII სს-ით დაათარიღა. ძეგლი სამაფსიდიან ბაზილიკას წარმოადგენს. მისი ზომებია: 17,5X7,60 მ (ტაბ. I,8). კედლების სისქეა 0,80 მ. წყობა შერეულია, ჩრდილოეთი კედელი opus mixtum-ითაა ნაგები, აგურის 4 რიგის გამოყენებით. შეიმჩნევა რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი, რაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ძეგლის ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე მიუთითებს, VI ს-დან დაწყებული, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე [Лордкипанидзе Г., Агрба В., 1982, с. 28]. სამხრეთ აფსიდის ქვეშ ექსპედიციამ კიდევ უფრო ადრეული (6,1 მ სიგანის, სიგრძე ვერ დგინდება) V-VI სს. მცირე ეკლესიის ნანგრევები გამოავლინა, ესაა დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. აქვე აღმოჩნდა მარმარილოს პროფილირებული ბაზა, სვეტის ძირი და სხვა ნაწილები [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 30-31]. ეკლესიის აღმოსავლეთით ისევე, როგორც თავად ტაძარში, რამდენიმე უინვენტარო

43
ადრექრისტიანული სამარხი დადასტურდა. სამარხები ძირითადად ბრტყელი კრამიტით, აგურითა და ქვიშაქვის ფილებით იყო ნაგები. ჩრდილოეთი აფსიდის დასავლეთით გაითხარა მონოლითური ქვის ანთროპომორფული ფორმის სარკოფაგი, მისი ზომებია: 2X0,4X0,3 მ, კედლების სისქეა 5 სმ (ტაბ. XV,2,3). ყველა სამარხი ქრისტიანული წესის დაცვითაა გამართული [Лордкипанидзе Г., Агрба В., 1982, с. 30-31].
ბიჭვინთის ნაქალაქარიდან 400-500 მ მანძილზე სამხრეთით 1963 წელს თ. მიქელაძის მიერ გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი გეგმით უჩვეულოა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს, აღმოსავლეთით ორი, სრულიად ტოლი გაზიდული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. შენობის ზომებია: 28,5X14 მ (ტაბ. I,6). კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, აქა-იქ აგურის გამოყენებით. აფსიდისა და კედლების გაყოლებით მერხები შემოინახა. ტაძარს ექვსი შესასვლელი აქვს: ორ-ორი – სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთი მხრიდან. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შუაში პილასტრები აქვთ. ტაძრის ცენტრში, ძირითადი პილასტრების გადაკვეთაზე, დგას მძლავრი სწორკუთხა ბურჯი. ეკლესიის შიდა მოპირკეთებაში გამოყენებული ყოფილა თეთრი მარმარილო. აღმოჩნდა მცირე ზომის მთლიანი ქვისგან ნაკეთები სვეტები, რომელთაც ოთხკუთხა ბაზა აქვთ და ცილინდრული კორპუსი. ეს უკანასკნელი ორნამენტირებულია [მიქელაძე თ., 1963, გვ. 125-127].
44
ბიჭვინთის ორნავიანი ბაზილიკის ყველაზე ახლო პარალელია ქუთაისის ორნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია (თავდაპირველად იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო). ო. ლანჩავა საერთო მონაცემებით ქუთაისის ორნავიანი ეკლესიის ფუნქციონირებას VI-VII სს-ით განსაზღვრავს [ლანჩავა ო., 1996, გვ. 144-147]. თ. მიქელაძის აზრით, ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია V ს-ის დასასრულსა და VI ს-ის დასაწყისში უნდა აეგოთ, ხოლო XII ს-ში ძეგლი, როგორც ჩანს, წყვეტს არსებობას, რასაც სამხრეთი ნავის დასავლეთი კარის ზღურბლზე კედლებისა და გადახურვის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი იმპ. ნიკიფორე III ბოტინიატის (1078-1081 წწ.) 5 ოქროს მონეტა ადასტურებს [მიქელაძე თ., 1963, გვ. 129].
ბიჭვინთის კონცხს განეკუთვნება კიდევ ერთი არქიტექტურული კომპლექსი სოფ. ალაჰაძეში, "აჰაშნიხ" ბორცვზე. ნანგრევები სოფ. ალაჰაძის ტერიტორიაზე დიდი ხანი იქცევდა სიძველეების მოყვარულთა და მოგზაურთა ყურადღებას. მაგ., XIX ს. 80-იან წლებში ალაჰაძეში მიკვლეულმა ნანგრევებმა პ. უვაროვას ყურადღება მიიქცია და, როგორც ცნობილია, 1886 წელს მან დაიწყო ამ ნანგრევების გათხრა-გაწმენდა, მოხერხდა ამ ნაგებობის გეგმის მოხაზვაც. უვაროვას მიერ გამოქვეყნებული მასალა ეჭვს არ იწვევს, რომ გაწმენდილი ნაგებობა სამაფსიდიანი მცირე ეკლესიაა. ამ ეკლესიის გათხრისას პ.უვაროვას არქეოლოგიური მასალა არ შეხვედრია. ამის გამო გამთხრელი თვლიდა, რომ მის მიერ გამოვლენილი მცირე ეკლესია თავის დროზე უნდა გაეძარცვათ და მერე დაენგრიათ [Уварова П., 1894, გვ. 11].
45
სინტერესო დაკვირვებები აქვს აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მკვლევარს ი. აძინბას. იგი თვლიდა, რომ პ.უვაროვას მიერ გაწმენდილი პატარა სამაფსიდიანი ეკლესია ადრე შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა. ი. აძინბამ სცადა ტოპონიმის, ბორცვის სახელის – "აჰაშნიხ" – ახსნა -"ახაშ" – აფხაზურად ნიშნავს ტყის მსხალს, "ნიხა" – ხატს, ღვთაებას [Адзинба И., 1958, с. 26].
1970 წელს საძიებო თხრილების გაჭრისას სამაფსიდიანი მცირე ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთით ორიოდე მეტრზე დიდი სამნავიანი ტაძრის ნანგრევები აღმოჩნდა [აფაქიძე ა., აგრბა ზ., 1977, გვ. 19-27]. ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობის ისტორიის აღდგენა შესაძლებელი გახდა 1985-86 წლებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად [Хрушкова Л., 1990, с. 45-50]. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის სამი ეკლესია. ¹1 ეკლესია დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. მისი გარეთა ზომებია: 50X28 მ. ცენტრალური აფსიდა შვიდწახნაგოვანია, გვერდითები კი ნახევარწრიული. დასავლეთით მოთავსებულია ნართექსი, რომლის სიგანე მხოლოდ ცენტრალური ნავის სიგანეს უდრის. გვერდითი ნავები ვიწროა. საყრდენ ფუნქციას ასრულებდა მასიური ბოძების 5 წყვილი (ტაბ. I,7). ბაზილიკის კედლები ნაგებია opus mixtum-ის ტექნიკით, გამონაკლისს წარმოადგენს აფსიდა, რომელიც თლილი კირქვით არის ნაგები (გარდა ცენტრალური აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილის ფრაგმენტისა, სადაც აგურის წყობაა გამოყენებული). მშენებლობისას გამოყენებულია თავისებური ელემენტი – კერამიკული ყუთები, რომელთაც შესაძლოა, ანტისეისმური

46
დანიშნულება ჰქონდათ. ალაჰაძის ბაზილიკას ელინისტური ტიპის ბაზილიკის ნიშნები ახასიათებს. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ნივნივისებური გადახურვა, ნართექსის არსებობა, შუა ნავის სიმაღლე გვერდითებთან შედარებით; ხმელთაშუაზღვის ელინისტური ბაზილიკებისაგან ალაჰაძის ბაზილიკა განსხვავდება მასიური ბოძების არსებობით (ნაცვლად კოლონებისა), რომლებიც თაღებს უკავშირდება და არა არქიტრავს [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].
Opus mixtum-ის წყობით ალაჰაძის ბაზილიკა ანალოგებს პოულობს დასავლეთ საქართველოს ამავე პერიოდის ძეგლებთან – პიტიუნტი, ანაკოფია, გიენოსი, არქეოპოლისი, პეტრა, ვაშნარი. ეს წყობა, საერთოდ, დამახასიათებელია შავიზღვისპირეთის ელინისტური ბაზილიკებისათვის [Леквинадзе В., 1973, с. 177]. დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში უმთავრესად გამოიყენება ბოძები, და არა კოლონები [Леквинадзе В., 1970, с. 168; Закарая П., 1983, с. 8]. აგურისა და კვადრების შერეული წყობა და თაღებში მხოლოდ აგურის გამოყენება, ალაჰაძის ბაზილიკას აკავშირებს მცირე აზიის გვიანანტიკურ არქიტექტურულ ტრადიციებთან. მასიური ბოძები, მძლავრი კედლები (დასავლეთის კედელი 1,8 მეტრს აღწევს სიგანეში), ნართექსის ფორმა, კედლის წყობაში კერამიკული ყუთების გამოყენება ამ ძეგლის ინდივიდუალურ ხასიათზე მიუთითებს. ძეგლი VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება [Хрушкова Л., 1990, с. 45-50; Хрушкова Л., 1985, с. 66].
ალაჰაძის №2 ეკლესია №1 ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა. №2 ეკლესიამ დაიკავა №1 ეკლესიის მხოლოდ

47
ცენტრალური ნავი. სწორედ ეს ეკლესია აღმოჩნდა 1970-1971 წწ. გათხრების შედეგად. ეს ეკლესიაც სამნავიანი ბაზილიკაა, ერთი აფსიდით (ტაბ. I,7), უორნამენტო ფასადით და ორფერდა გადახურვით. მისი დათარიღება შეიძლება მიახლოებით VIII-IX სს-ით. მან უფრო ხანგრძლივად იარსება, ვიდრე პირველმა ბაზილიკამ. ეს კამაროვანი ბაზილიკა ნართექსის გარეშე გამოხატავს ბაზილიკური ფორმის ევოლუციის პროცესს, ბაზილიკაში "ელინისტური" ნიშან-თვისებები ადგილს უთმობენ "აღმოსავლურს" [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].
ალაჰაძის №3 ეკლესია აიგო მაშინ, როცა №2 ეკლესია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. იგი განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ტიპს, ოთხი საყრდენით. ნაგებობის გარეთა ზომებია: 20,7X11,6 მ. აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია სამაფსიდიანი სკურთხეველი. აფსიდები გარედან ნახევარწრიული ფორმისაა, შიგნიდან კი ნალისებური. სამივე აფსიდას ჰქონდა ბემა. ეკლესია ნაგებია თლილი კირქვისაგან, თაღებში გამოყენებულია აგური. აქაც გვხვდება კერამიკული ყუთები, რომლის შესახებ ჯერ კიდევ პ. უვაროვა აღნიშნავდა [Уварова П., 1894, გვ. 11], მაგრამ ისინი უფრო უხეშადაა შესრულებული, ვიდრე №1 ეკლესიაში აღმოჩენილი ყუთები. დეკორატიული დეტალებიდან შემორჩა მხოლოდ ქვა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესია შეიძლება დათარიღდეს X ს-ით. იგი აფხაზეთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების ჯგუფს განეკუთვნება (ბზიფი, ლიხნი, ანაკოფია, მოქვი, ბიჭვინთა). განსაკუთრებით უახლოვდება ლიხნის ეკლესიას [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].
48
ალაჰაძის არქიტექტურულ კომპლექსში კარგად აისახა აფხაზეთის საკულტო ხუროთმოძღვრების ევოლუციის ძირითადი ხაზები: ელინისტური ტიპის ბაზილიკიდან ვითარდება კამაროვანი ბაზილიკა, აქედან კი – ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც შემდგომში წამყვან და გაბატონებულ ტიპად იქცა.
კიდევ ერთი, ადრე შეუსწავლელი, ქრისტიანული ტაძარი გაითხარა 1995 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში ზღვიდან 200 მ დაშორებით. ტაძრის კედლები ერთიდან სამ მეტრამდეა შემორჩენილი. გეგმა სრულად არ იკითხება. ტაძრის შიგნით გაითხარა რამდენიმე სამარხი, აქვე აღმოჩნდა ერთი რკინის და ერთიც ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, არქიტექტურული დეტალები, ფილაქვა ჯვრის გამოსახულებით. გამთხრელის მიერ ტაძარი IV-V სს-ით თარიღდება [Барцыц Р., 2003, გვ. 223-227].
ბიჭვინთის ნაქალაქარსა და ბიჭვინთის "ქვეყანაში" გამოვლენილი ქრისტიანული ტაძრების სიმრავლე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობაზე ქრისტიანული თემის გავლენის ზრდის და გარკვეული დემოგრაფიული აღმავლობის მანიშნებელია.

§ 2. სებასტოპოლი – ცხუმი

სოხუმის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა 50-იანი წლებიდან დაიწყო და შეუნელებელი ინტერესით გრძელდება დღესაც. 1959 წელს ლ. სოლოვიოვისა და ლ. შერვაშიძის მიერ სოხუმის ციხის, ანუ კასტელუმის გათხრების დროს მნიშვნელოვან სხვა ნაგებობებთან ერთად №1 კოშკთან აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კედლის მოზაიკის კენჭები. გამთხრელებმა ისინი გარეგნული ფორმით წრომის მოზაიკას (VII ს.) მიამსგავსეს და აქ ეკლესიის არსებობა ივარაუდეს, აქვე გაითხარა რამდენიმე ქრისტიანული სამარხიც [Шервашидзе Л., Соловьев Л., 1960, с. 175]. მკვლევართა ვარაუდი, სოხუმში ადრექრისტიანული ტაძრის არსებობის შესახებ, დადასტურდა მოგვიანებით, 1987-1990 წლებში სოხუმის ე.წ. "თურქული ციხის" ტერიტორიაზე მ. გუნბას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, როცა აქ არქიტექტურული ნაგებობები (სამეურნეო, საცხოვრებელი, აბანო) და, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, ეკლესიის ნაშთი გამოვლინდა [Гунба М., 1987; Гунба М., 1990]2. გათხრების მთელ ტერიტორიაზე ორი კულტურული ფენა გამოიკვეთა. პირველი, ანუ ზედა ფენა – განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეები, რომელიც ძირითადად კერამიკული ნაწარმითაა წარმოდგენილი; და მეორე, ანუ ქვედა ფენა – ადრებიზანტიური პერიოდი (VI ს-ის ბოლო VII ს-ის დასაწყისი); რაც შეეხება VIII-IX სს. – აქ ქრონოლოგიური წყვეტილია.
ეკლესიის გეგმა სრულად არ იკითხება. ესაა სამნავიანი ეკლესია ხუთწახნაგოვანი აფსიდით, რომელიც რიყის ქვითაა ამოყვანილი კირხსნარზე, შემორჩენილია 35-40 სმ სიმაღლეზე. ნავები ერთმანეთისაგან სვეტების სამი რიგითაა გამოყოფილი.
50
აფსიდის ირგვლივ ოთხკუთხა ბოძებია გამართული, ისინი აგურითა და ქვითაა ნაგები კირხსნარზე. სულ 8 ბოძია გამოვლენილი, რომელიც 45-50 სმ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ყველა მათგანს შიდა მხრიდან რკალისებური ფორმა აქვს. ეს ბოძები აფსიდასთან მიმართებაში ასიმეტრიულადაა განლაგებული [Гунба М., 1990, с. 4-5]. მოპირკეთებაში გამოყენებულია opus sectile-ის წყობა, პროკონესული მარმარილოს პატარა ფილებისა და აგურების მონაცვლეობით [Khrushkova L., 2005].Eსაყურადღებოა, რომ ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა კრამიტის ფრაგმენტი რომაული ლეგიონის დამღით XV Legio Apollinaris [Khrushkova L., 2005]. ანალოგიური დამღიანი (LEG XV) კერამიკული ფილები ცნობილია ბიჭვინთის კასტელუმიდან [თოდუა თ., 2003, გვ. 27]. ლ. ხრუშკოვას აზრით, ეკლესია V ს-ის პირველ ნახევრში აიგო, იუსტინიანეს დროისათვის კი უკვე განადგურებული ჩანს [Khrushkova L., 2005]. თუმცა ცნობილია, რომ V საუკუნე, მაგალითად ბიჭვინთაში არქეოლოგიურად სუსტადაა წარმოდგენილი, ცხოვრება აქ ჩამკვდარია ჰუნთა დამარბეველი თავდასხმების გამო, რომელიც სავარაუდოდ სებასტოპოლისსაც უნდა შეხებოდა. შესაბამისად ეკლესიის მშენებლობას არა V ს-ში, არამედ VI ს-ში უნდა ჰქონოდა ადგილი, მით უფრო, რომ ცნობილია იუსტინიანეს მიერ სებასტოპოლისში აღმშენებლობითი სამუშაოების ჩატარების შესახებ [გეორგიკა, 1962, გვ. 222].
საინტერესოა, რომ 1988 წელს ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩნდა საფლავის ქვა ბერძნული წარწერით, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: "აქ

51
განისვენებს ჯარისკაცი-ლეგიონერი ორესტი, რომლის მოსაგონრადაც აღვმართეთ ეს ეკლესია". მოხსენება ამ საფლავის ქვისა და წარწერის შესახებ გაკეთდა ლ. ხრუშკოვას მიერ ბიზანტინისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესსზე სანქტ-პეტერბურგში 1995 წელს [Габелия А., Вертоградова В., 2003, c. 218-222].
ეკლესიის სიახლოვეს, ერთ რიგზე 3 სამარხი გაითხარა, როგორც ჩანს ქრისტიანული. სამარხები კირხსნარითაა ამოყვანილი და ბრტყელი აგურით გადახურული. სამივე სამარხი უინვენტაროა. მათ პარალელურად, კიდევ ერთი, მეოთხე სამარხი გაითხარა, ასევე უინვენტარო, რომლის იატაკი აგურითაა მოგებული, კედლები კი კირხსნარითა და ბრტყელი აგურით ამოყვანილი. სამარხი თავთან რამდენადმე ფართეა, ბოლოსკენ კი ვიწროვდება. მისი ზომებია: სიგრძე 1,9 მ, სიგანე თავთან 0,60 მ, სიგანე ბოლოში 0,35 მ. სამარხი IV-V სს-ის ფენაშია ჩაჭრილი. გამთხრელის აზრით, სამარხები უფრო ადრეული უნდა იყოს, ვიდრე თავად ეკლესია. თანმხლები მასალის არარსებობის პირობებში, და მხოლოდ სტრატიგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით სამარხი V ს-ის II ნახევრითაა დათარიღებული [Гунба М., 1990, с. 4-5]. მსგავსი ფორმის სამარხები, აგურით ნაგები, იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილია ოჩამჩირიდან, ბიჭვინთიდან და განთიადიდან. ეს სამარხებიც გამთხრელთა მიერ VI ს-ითაა დათარიღებული.
80-იან წლებში სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილია საინტერესო არქეოლოგიური

52
მასალა, ქრისტიანული სიმბოლოებით შემკული კერამიკული ნაწარმი. ისინი ძირითადად გვიანანტიკური ხანის ნგრევის ფენაშია აღმოჩენილი, ესაა ამფორის ფრაგმენტები ბერძნული წარწერით, რომელსაც წინ ქრიზმა უსწრებს; კერამიკული ხუფის ფრაგმენტი, ასევე ბერძნული წარწერით ჯვართან ერთად; წითელლაკიანი ჯამის ფრაგმენტი ზედ ამოკვეთილი ასოებით XP [Гунба М., Хрушкова Л., 1990, с. 37]; ასევე წითელლაკინი ჯამის ფრაგმენტი ძირზე ჯვრის გამოსახულებით [Гунба М., 1987, c. 5. рис. 9], რომელიც ახლო ანალოგს პოულობს ბიჭვინთის წითელლაკიან ჯამებთან, ძირზე ჯვრის გამოსახულებით. ეს ფენა იუსტინიანეს დროინდელი ბრინჯაოს 544-545 წწ-ში მოჭრილი მონეტით თარიღდება (მონეტა განსაზღვრა ს. შამბამ). ამავე ნგრვის ფენაში აღმოჩნდა ანასტასიუს I (491-518 წწ.) და იუსტინიანე II (565-578 წწ.) კონსტანტინოპოლში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, იუსტინიანე II და სოფიას (574-5 წწ.) მიერ თესალონიკებში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა და ერთიც კაბადოკიის კესარიში მოჭრილი მონეტა არა უგვიანეს III ს-სა [Гунба М., Хрушкова Л., 1990, с. 37].
სოხუმის ციხის ტერიტორიაზე, ადრეც აღმოჩენილა IV-VI საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკის ნატეხები ქრისტიანული ჯვრებით [Воронов Ю., 1968, с. 52].
ცნობილია, რომ VI ს-ის ბოლოდან ეგრისს გამოეყო აბაზგია თავისი ეკლესიით, რომელიც VII ს-ის შუა ხანებში სებასტოპოლისის ავტოკეფალურ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა [გეორგიკა, 1962, გვ. 184-185]. ამ დროისათვის, დასავლეთ

53
საქართველოში არსებული ყველა საეკლესიო ცენტრი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა.
პირველი ქრისტიანული ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში ბიჭვინთაში ჩნდება, რომელიც დღესდღეობით აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უძველეს საეკლესიო ცენტრს წარმოსდგენს. Mმაგრამ, VI საუკუნის 40-იანი წლებიდან, ბიჭვინთა, როგორც ქრისტიანული ცენტრი, კარგავს თავის პირველობას. კერძოდ, 542 წლიდან, როცა ლაზთა მეფის თხოვნით, ირანელებმა ლაზიკაში ილაშქრეს, ხოლო რომაელებმა, იმის შიშით, რომ ირანელები ხელში ჩაიგდებდნენ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისს, თავად დაწვეს და დაანგრიეს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები [გეორგიკა 1962, გვ. 137]. ამის შემდეგ ბიჭვინთას ბიზანტიის საიმპერატორო კარი თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას და იუსტინიანეს მიერ ჩატარებული დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები მხოლოდ სებასტოპოლისს შეეხო. პროკოპი მოგვითხრობს: ...იუსტინიანე მეფემ მთელი ეს სებასტოპოლისი განაახლა ზღუდისა და სხვა სასიმაგრო შენობათა წყალობით უძლეველი გახადა და გაამშვენიერა ის გზებითა და სხვა ნაგებობებით, რის გამოც ის სილამაზითა და სიდიდით ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავ ქალაქად იქცა [გეორგიკა, 1962, გვ. 222].
როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაწინაურდა სებასტოპოლისი, როგორც საეკლესიო ცენტრი. თუ ბიჭვინთის ეპისკოპოსი ნიკეის საეკლესიო კრების დროს პოლემონის პონტოს ეპარქიის შემადგენლობაში შედის, შემდეგი დროის საეკლესიო

54
ნუსხათაგან უადრესში, რომელიც VII საუკუნით თარიღდება (VII ნოტიცია), ბიჭვინთის ეპისკოპოსი აღარაა მოხსენებული, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე დამოკიდებულთა შორის დასახელებულია ჯერ სებასტოპოლის საეპისკოპოსო, შემდეგ კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო. ამიერიდან ბიზანტიის ხელისუფლება ყოველმხრივ უწყობს ხელს სებასტოპოლის დაწინაურებას. VI ს-ის 60-70-იან წლებში უნდა მომხდარიყო სებასტოპოლის ეპისკოპოსის არქიეპოსკოპოსის ხარისხში აყვანა, რადგან დიდი ტრადიციებისა და ავტორიტეტის მქონე ბიჭვინთის საეპისკოპოსოსათვის პირველობის წართმევა სხვანაირად გაძნელდებოდა და მეორეც, ბიზანტიას ირანთან გაჭიანურებული და წარუმატებელი ომის პირობებში ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი სჭირდებოდა ეკლესიის სახით. ამის მოგვარება კი საარქიეპისკოპოსოს შექმნით შეიძლებოდა, რადგან არქიეპისკოპოსებს, როგორც ეპარქიათა ხელმძღვანელებს, ემორჩილებოდნენ ეპისკოპოსები და ქორეპისკოპოსები [დიასამიძე ბ., 2001, გვ. 158].
სებასტოპოლის დაწინურება მისი გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. IV ს-ის მეორე ნახევარში რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ შედგენილი "Tabula Peutingeriana", რომელიც საგზაო რუკას წარმოადგენს, აღნიშნულია დასავლეთ საქართვალოზე გამავალი სავაჭრო გზები. ერთი ასეთი გზა ტრაპეზუნტიდან მოდის, ფაზისზე გაივლის და სებასტოპოლისში მთავრდება. მეორე გზა იმავე სებასტოპოლიდან იწყება და სომხეთის ქალაქ არტაშატისკენ მიემართება [ჯანაშია ს.,
55
1949, გვ. 47]. ს. ჯანაშიას აზრით, სებასტოპოლიდან უკვე მაშინ, ისე როგორც შემდეგში, გზა გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. Eეს გზა კოდორის ხეობას მიჰყვებოდა და ყუბანის ზემოთა შენაკადების ხეობებში გადადიოდა ქლუხორის ზეკარით [ჯანაშია ს., 1949, გვ. 47]. ამ გზას "აფხაზეთის გზას" უწოდებდნენ. როგორც ჩანს ამ გზამ დიდი როლი ითამაშა განსაკუთრებით VI საუკუნიდან სებასტოპოლის დაწინაურებაში, რადგან ე.წ. "აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთით გადანაცვლების შემდეგ ვაჭრები ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვაზე მდ. კოდორით გადიოდნენ და აქ მთავარი ნავსადგური სებასტოპოლისი იყო.
დღეისათვის არქეოლოგიური გათხრები სოხუმის ციხის ტერიტორიაზე დასრულებული არაა. აქ გამოვლენილი ეკლესიის ნაშთი და ჩვენს მიერ მოყვანილი არქეოლოგიური მასალა კი, მხოლოდ დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ საეკლესიო ეკთეზისებში დაცული ცნობებისა.

§ 3. ოჩამჩირე _ გიენოსი

ქ. სოხუმიდან 55 კმ სამხრეთით მდინარეებს აძიკვარასა და ღალიძგას შორის მდებარეობს ქ. ოჩამჩირე. ეს პუნქტი უკვე ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანაა დასახლებული, რაც 1934-36 წლებში ლ. სოლოვიოვის, მ. ივაშჩენკოს და ბ. კუფტინის მიერ ქალაქის ჩრდილო _ დასავლეთ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე, წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა [Куфтин Б., 1950, с. 250 и след.].
56
ოჩამჩირე, ანტიკური წყაროების გიენოსი, შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. მას, როგორც "ელინურ ქალაქს" მოიხსენიებს ფსევდო სკილაქსი. მისი დაარსება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბერძნული ახალშენების გაჩენას უკავშირდება და უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ძვ. წ. VI საუკუნისა [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 19-22]. ცხოვრება აქ გვიან ანტიკურ ხანაშიც გრძელდება. 30-იან წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილი სამი საცხოვრებელი ბორცვიდან ერთი ნავსადგურის მშენებლობის დროს მთლიანად განადგურდა, ორი მათგანი კი დღეს პორტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
1981-85 წლებში ს. შამბას მიერ წარმოებული გათხრების შედეგად ნაქალაქარის აღმოსავლეთ ბორცვზე გამოვლინდა ადრებიზანტიური ხანის ეკლესიის ნაშთი, რომელიც 4,5 მ სიმძლავრის კულტურულ ფენაზეა დაშენებული. კულტურული ფენის უადრესი ჰორიზონტი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 21-22]. გამოვლენილია სამი კუტურული ფენა. ზედა, პირველი ფენა შედგებოდა კირხსნარიანი აგურის სამშენებლო ნაგვისაგან, რომელიც ადრექრისტიანული ტაძრის ნგრევის შედეგად წარმოიშვა. დიდი ოდენობით დადასტურდა მოწითალო ფერის თიხისაგან დამზადებული კარგად გამომწვარი კვადრატული ფორმის აგურები, მათი ზომებია 25X30, 32X16, 31X20, 30X17, 40X24 სმ და ა.შ., სისქე დაახლოებით 5 სმ. აგურებზე ხშირია სხვადასხვა ასო-ნიშნების, ირიბი ჯვრების ან ოვალური წრეების გამოსახულება, რომელიც გამოწვამდეა თითით

57
დატანილი [Шамба С., 1988, გვ. 51]. ამავე ფენაში გამოვლინდა სარკმლის მინა [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20].
მეორე ფენა მოყვითლო-მურა თიხნარს წარმოადგენს, რომელიც 60 სმ სიღრმეზე იწყება. ამ ფენაშია ჩაშვებული 1 მ სიმძლავრის ეკლესიის აფსიდის ფუნდამენტი, რომელიც რიყის ქვითა და კირხსნარითაა ნაგები. ამავე ფენის ზედა ჰორიზონტზე აღმოჩნდა დიდი ოდენობით მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ნ. სოროკინას მიერ IV-V სს-ით განისაზღვრა [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20]. ამავე ფენის ზედა ჰორიზონტზე, აფსიდის სიახლოვეს, აღმოჩნდა თეთრი მარმარილოს კოლონის ფრაგმენტები; ოქროს ფირფიტა ჯვარი (33X24 მმ, წონა 2,15 გრ); წელშზნექილი ამფორისა და კრამიტის ფრაგმენტები, ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში აღმოჩენილი ცალების მსგავსი; ამავე ფენაში იყო ჩაშვებული 7 უინვენტარო დასავლეთით დამხრობილი სამარხი [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20].
180 სმ სიღრმეზე იწყება მესამე ფენა, რომელიც ქალაქის ცხოვრების უძველესი ისტორიის ამსახველია. აღმოჩნდა ელინისტური ხანის ბრინჯაოს ბეჭედ-საბეჭდავი, სკვითური ტიპის ისრისპირი (ძვ.წ. V ს.), პითოსის ფრაგმენტები ზოომორფული გრაფიკული გამოსახულებით, ზოლიანი იონური კერამიკის ფრაგმენტები, რომელიც ძვ.წ. VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება, წვრილფიგურული ატიკური კილიკის 2 ფრაგმენტი, ძვ.წ. VI ს., შავფიგურული კილიკის ფრაგმენტები და ა.შ. [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20].
58
ეკლესია ძალზედ ცუდადაა შემონახული. აფსიდის ნაწილში მხოლოდ ფუნდამენტია შემორჩენილი, მაგრამ გეგმის აღდგენა მაინც ხერხდება. ესაა დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით [Шамба С., Шамба Г., 1985, с. 91-92]. ნაოსი გართულებულია მინაშენებით. აღმოსავლეთიდან ეკვრის ორი, ერთმანეთისადმი სიმეტრიულად განლაგებული ეკვდერი. ჩრდილოეთ ეკვდერის ზომებია 4,80X5,60მ, სამხრეთის – 5,60X5,60მ. ნაოსს დასავლეთიდან ეკვრის ნართექსი, რომელიც ნაწილობრივ სამხრეთ ნაწილსაც მოიცავს. ეკლესიის გარეთა ზომებია 23X19,5 მ (ტაბ. IV,1). ნაოსის სიგრძისა და სიგანის შეფარდება (დაახ. 4 : 5) ნაოსის სიმოკლეზე მიუთითებს [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 126-128]. ეკვდერთა არსებობის გამო ეკლესიას გეგმაში ჯვრის ფორმა აქვს, რითაც იგი კაპადოკიის "croix libre" ტიპის ძეგლებს უახლოვდება (Buzluk, Çanlikilise, VI ს. დასაწყისი) [Restle M., 1979, Pl. 27, 32].
ეკლესია, ნართექსის გარდა, აგურითაა ნაგები, რომელიც ზოგან ოთხი რიგის სიმაღლეზე შემოინახა. ნართექსი ნაწილობრივ opus mixtum-ის ტექნიკითაა ნაგები. უკეთ შემოინახა მისი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კუთხე. ჩრდილოეთი კედელი 0,3 მ სიმაღლეზე რიყის ქვითაა ამოყვანილი, რომელსაც აგურის სარტყლები მოსდევს, იგი 0,33 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. მსგავსი ტექნიკაა გამოყენებული ნართექსის აღმოსავლეთით კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესია შიგნიდან მობათქაშებული და მოხატული უნდა ყოფილიყო. მოპოვებულ ბათქაშებზე შემორჩენილია მოწითალო, მოვარდისფრო, ყვითელი და მწვანე

59
შეფერილობის საღებავების ნაკვალევი [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 129-131].
ნაოსის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა კანკელის ფრაგმენტები, რომელიც ადგილობრივი მუქი კირქვისგანაა დამზადებულია. დეკორი მეტად მარტივი და სადაა, იგი პროკონესული მარმარილოს ნაკეთობათა მინაბაძს წარმოადგენს. კანკელის ერთ-ერთ ბოძზე ორ წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარია გამოსახული [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 132].
ეკლესიის ყველა ნაწილში, აფსიდის გამოკლებით, 14 სამარხი გაითხარა, ერთი სამარხი გაითხარა ნართექსის ჩრდილოეთ ნაწილში (№1), 4 მათგანი ნაოსის დასავლეთ ნაწილში (№№ 8,11,12,13), 6 სამარხი (№№ 2-6) სამხრეთ ეკვდერში, 1 ჩრდილოეთ ეკვდერში (№10) და ერთიც ნაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში (№9). ისინი ძირითადად აგურითაა ნაგები (ტაბ. IV,5). აგურების უმრავლესობაზე გამოწვამდე სხვადასხვა ნიშანია დატანილი. 6 სამარხი უინვენტაროა. სამარხთა უმრავლესობა დასავლეთითაა დამხრობილი, დაკრძალვის წესიც ქრისტიანულია. ყურადღებას იქცევს №7 სამარხი, რომელიც ძვირფას ოქროს ნივთებს შეიცავდა. სამარხი ქვითა და აგურით იყო ნაგები კირხსნარზე. სამარხის შიდა მხარე კი რიყის ქვით იყო მოპირკეთებული. გადახურული იყო აგურით კირხსნარზე. სამარხის სიგრძე – 2,57 მ, დასავლეთ ნაწილის სიგანე – 0,86 მ, ფეხებთან ვიწროვდება. სამარხი ქალის იყო, რომელსაც ოქროფენილი სამოსი ეცვა, 50 ნახევარსფერული ოქროს ბალთით

60
გაწყობილი; აღმოჩნდა ოქროს ბეჭედი ოთხფურცლიანი ვარდულის გამოსახულებით, ოქროს საყურეები საკიდებით [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, c. 132-136; Шамба С., 1988, გვ. 54], რომელსაც ახლო ანალოგი მცხეთაში ეძებნება [მანჯგალაძე გ., 1985, სურ. 347, 348]. 8 გრუნტული სამარხი (№№15-22) გაითხარა აფსიდის გარეთაც [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 132-136]. ყველა ეს სამარხი ეკლესიას უკავშირდება, რადგან შენობის ფუნდამენტი არსად არ არღვევს და არ ფარავს სამარხს. აგურების ფორმაც ეკლესიის კედლის წყობაში და სამარხების წყობაში ერთნაირია, ისევე, როგორც ნიშნები აგურებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამარხები და ეკლესია თანადროულია. მსგავსი ტიპის თიხისფილა სამარხები ჩვენთვის ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი – IV სს-ებით თარიღდება [Бибилури Т., 1983, c. 23; ბიბილური თ., 1982, გვ. 136-143; მანჯგალაძე გ., 1985, გვ. 63-82, 108].
ეკლესიის დათარიღებისათვის გასათვალისწინებელია სამშენებლო ტექნიკის თავისებურება. შენობა მთლიანად აგურითაა ნაგები, ნართექსის ჩრდილოეთი კედლის გარდა, რომელიც opus mixtum-ის ტექნიკაა ამოყვანილი ორრიგიანი აგურის სარტყლებით, წყობაში აგურის სისქე არ აღემატება დუღაბის სისქეს. 30-იან წლებში ა.მ. შნაიდერის მიერ გამოითქვა აზრი, რომ ამ ტექნიკის თავისებურება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძეგლის უფრო ზუსტად დათარიღებისთვის. თავისებურება კი მდგომარეობს, opus mixtum-ის წყობაში აგურის რაოდენობასა და აგურის და დუღაბის

61
ურთიერთმიმართებაში. კონსტანტინოპოლის ძეგლების მაგალითზე, რომლებიც კარგადაა დათარიღებული, იუსტინიანესა და მისი შემდგომი პერიოდის ძეგლებზე, დუღაბის სისქე აგურის რიგებს შორის ნახევრად აღემატება აგურის სისქეს; V ს-ში დუღაბისა და აგურის სისქე თანაბარია. ანალოგიური მონაცემები დამახასიათებელია ცარიცინგრადის შენობებისთვის [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 145. იქვე ლიტერატურა]. ეს თეორია მოგვიანებით მეცნიერების ლემერლის და ბობჩევის მიერ იქნა განვითარებული [Бобчев С., 1952, გვ. 65], მაგრამ ამ თეორიის სისწორეში ეჭვი იქნა შეტანილი ვარდციხის არქეოლოგიური გათხრების დროს, სადაც აგურის სარტყელთა განლაგებაში თეორიით გათვალისწინებული კანონზომიერება დარღვეულია [ჯაფარიძე ვ., 1974, გვ. 89-90].
ძეგლის დათარიღებისათვის და მისი ფუნქციონირების დროის დადგენისათვის მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის გათხრებისას აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას: წელშეზნექილი ამფორის ფრაგმენტებს, მინას, ოქროს ფირფიტა ჯვარს, სამარხეულ ძეგლებსა და არქიტექტურულ დეტალებს.
არსებული მასალების შეჯერების საფუძველზე გიენოსის ეკლესია V ს-ის ბოლო – VI ს-ის დასაწყისით თარიღდება [Шамба С., 1998, с. 41]. ეკელესია ფუნქციონირებდა VII ს-შიც. უფრო გვიანი პერიდის მასალა არაა აღმოჩენილი [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 145]. აფხაზეთის ადრექრისტიანულ ტაძრებს შორის გიენოსის ეკლესიას ზუსტი ანალოგი არ მოეპოვება, თუმცა ეკვდერების არსებობით, დასავლეთი ნაწილის რამდენადმე

62
გართულებული და აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ფორმებით იგი წებელდის №3 ეკლესიას უახლოვდება, რომელიც ასევე V-VI სს-ით თარიღდება [Хрушкова Л., 1982, с. 176].

§ 4. ანაკოფია – "თავადი ციხეთა აფხაზეთისათა"

ანაკოფია ანუ ფსირცხა, "მატიანე ქართლისაის" სიტყვით – "თავადი ციხეთა აფხაზეთისათა", მდებარეობს ახალი ათონის ტერიტორიაზე. VII-VIII სს-ში იგი აბაზგთა საერისთაოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ჩვენს წყაროებში (იგივე "მატიანე ქართლისაიში") პირველად იხსენიება VIII ს-ის ამბებთან დაკავშირებით, როცა მისი აღება ამაოდ სცადა მურვან-ყრუმ. VIII ს-ის დასასრულიდან, როცა აფხაზთა სამეფო შეიქმნა, ანაკოფია მისი მთავარი ქალაქი გახდა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს არც მას შემდეგ, რაც სამეფოს დედაქალაქმა ქუთაისში გადაინაცვლა [ბერიძე ვ., 1995, გვ. 63].
ციხესიმაგრეს საკმაოდ დიდი ფართობი (7 ჰა) უჭირავს. ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება: ციტადელი და დიდი გალავანი. ძველი ანაკოფიის ციტადელი ივერიის მთის თხემზე მდებარეობს. იგი IV-V სს-ით თარიღდება [Леквинадзе В., 1968, с. 103]. ანაკოფიის ციტადელის შუაში ჩრდილოეთის კედელთან დგას ანაკოფიის ტაძარი, თავის დროზე იგი ა.ს. ბაშკიროვის მიერ იყო აღწერილი და გამოკვლეული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნართექსის გარეშე. ა.ს. ბაშკიროვი აღნიშნულ ეკლესიას VIII ს-მდე დროით ათარიღებდა [Башкиров А., 1926, с. 55]. ტაძარს არაერთი

63
გადაკეთების კვალი ეტყობა. პირვანდელი სახით მხოლოდ საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი (ნახევარწრიული აფსიდა). იგი კირქვისაგან არის ნაგები, რომელსაც ბრტყელი აგურის რიგები დაჰყვება [Трапш М., 1975, с. 96-98; Пачулия В., 1964, с. 24-25]. სწორედ ამ ეკლესიიდან მომდინარეობს ანაკოფიის რელიეფები, რომლებიც, როგორც ფილაქვის ფორმიდან ჩანს, სარკმლის ქუდის ფუნქციას ასრულებდა (ტაბ.XVI,1,2,3). ანაკოფიის ეს ადრექრისტიანული საკულტო ნაგებობები X-XI სს-ში ახალმა ეკლესიებმა შეცვალეს [Хрушкова Л., 1988, с. 21].
1957 წ. №3 კოშკის ჩრდილოეთით აღმოჩნდა კიდევ ერთი ეკლესია წინ წამოზიდული ნახევარწრიული აფსიდით (ტაბ. VII,5). ეკლესია დარბაზული ტიპისაა. კედლები ამოყვანილია ნაკლები გულმოდგინებით დამუშავებული კირქვითა და რიყის ქვის მინარევით. აფსიდის ჩრდილოეთი კედელი შემოინახა 2,15 მ სიმაღლეზე, დანარჩენი კედლები კი – 1 მ სიმაღლეზე. ტაძრის გარე ზომებია: სიგრძე – 9,20 მ, სიგანე – 4,50 მ. სარკმლის ნახევარწრიული თაღები აგურითაა ნაგები, რომლებიც ტაძრის შემდგომი გადაკეთების შედეგად მთლიანად დაიხურა. ტაძრის აფსიდამ კი რესტავრაციის შემდეგ ნახევარწრიულის ნაცვლად მრავალწახნაგა ფორმა მიიღო. ეკლესიის ახლო ანალოგია გუდავის ბაპტისტერიუმი (ტაბ. VII,6). ეკლესიის შიგნით გაითხარა სამი სამარხი, რომელიც გვიანი დროით (X-XI სს.) თარიღდება. ეკელესიის გარეთ კი გაითხარა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეთა ხანის ოთხი სამარხი. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილი იყო: ზარაკის მაგვარი საკიდებით, ბრინჯაოს

64
სარკით, სფერული ფორმის ბრინჯაოს და პასტის თვალა მძივებით, ბრინჯაოს სამაჯურით და რკინის დანებით. სამარხები დასავლეთისკენაა დამხრობილი, დაკრძალვის წესი ქრისტიანულია, მაგრამ წარმართული ელემენტებით, რაც მ. თრაფშის აზრით, იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ აქ ადგილობრივი მოსახლეობა იყო დაკრძალული [Трапш М., 1961, с. 266-267; Трапш М., 1975, с. 100-105]. ტაძარში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა სხვადასხვადროინდელია. ესაა ძირითადად კერამიკის სხვადასხვა ფრაგმენტი, რომლებიც VII-XII სს-ებს განეკუთვნება, კანკელის პილასტრის ფრაგმენტები, კრამიტის ნამსხვრევები (სოლენები და კალიპტერები), მინის ჭურჭელი, X-XI სს-ის ბიზანტიური (კონსტანტინე VII-ს მმართველობის (913-959) დროინდელი) სპილენძის ანონიმური მონეტა და სხვა [Трапш М., 1975, с. 102].
ანაკოფიის ციხე-სიმაგრის კულტურული ფენებიდან, რომელიც სიმაგრის საერთო სტრატიგრაფიის გათვალისწინებით VII-XII სს-ით თარიღდება, გამოვლინდა საინტერესო კერამიკული მასალა. მათ შორისაა ტანდაღარული ამფორის ფრაგმენტი ზედ ამოტვიფრული მცირე ზომის ჯვრით წრეში [Трапш М., 1961, с. 275-276, рис. 11,5].
ანაკოფიის ციხეში გამოვლენილი ეკლესიები არქეოლოგიურ მონაცემებზე და ციტადელის თარიღზე დაყრდნობით ადრექრისტიანული ხანით უნდა დათარიღდეს, ამის სასარგებლოდ მეტყველებს შემორჩენილი ხუროთმოძღვრული დეტალებიც.
65

§ 5. გუდავა – ზიღანეოსი

გუდავა მდებარეობს ოჩამჩირიდან ათიოდ კილომეტრზე, მდ. ოქუმის შესართავთან მარცხენა სანაპიროზე, სოფ. გუდავას ტერიტორიაზე (გალის რ-ნი). Nნ. ბერძენიშვილმა ეს პუნქტი ძველ წყაროებში მოხსენიებულ "გუდაყვასთან" გააიგივა. გუდაყვა კი ცნობილია როგორც "ზიღანეოსი". "მატიანე ქართლისაიში", იქ სადაც ლაპარაკია აფხაზთა მეფეების საეკლესიო პოლიტიკის შესახებ, ნათქვამია: "ბაგრატმა ააგო ბედიის ტაძარი და იქ გადმოიტანა ("მოცვალა") გადი-სი (ქ-ცა: გუდაყვისა) საეფისკოპოსო. "გუდაყვა" (გუდავა – ?) კი ერთი XI – XII სს-ში გადაწერილი სვინაქსარის ცნობით, არის ბერძნული ზიღანეოს. ბერძნული ტაქტიკონიდან ვიცით, რომ სწორედ ეს ქალაქი იყო საჯდომი ლაზიკის მიტროპოლიტის ერთ-ერთი ხელქვეშე ეპისკოპოზისა" [ბერძენიშვილი ნ., 1966, გვ. 299].
პირველად ზიღანეოსი იხსენიება III და IV სს-ის მიჯნის ამბების აღწერისას "ორენტის მარტვილობაში", რომლის მიხედვით, იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის ეპოქაში, ქრისტიანთა დევნის დროს ზიღანეოსში დაკრძალეს ორენტის ერთ-ერთი თანამოღვაწე – კირიაკი. IV-V სს. Mმიჯნაზე Notitia dignitatum-ის მიხედვით გუდავაში დგას მუდმივი რომაული გარნიზონი – ვალენტის II კოჰორტა [ზაქარაია პ., ლექვინძე ვ., 1971, გვ. 101]. VII-IX სს. ბიზანტიის საეკლესიო წყაროები არაერთხელ მოიხსენიებენ ზიღანეოსში, დასავლეთ საქართველოს ოთხი საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთს. დღეისათვის გუდავის ტერიტორიაზე მხოლოდ ბაპტისტერიუმია არქეოლოგიურად დადასტურებული.
66
სანათლავს, როგორც წესი, აგებდნენ ეკლესიასთან. Eეკლესია მისგან ჩრდილოეთით უნდა მდგარიყო. Mმაგრამ ეს ადგილი დღევანდელი მდინარის კალაპოტში ხვდება, მდ. ოქუმი კი ცნობილია თავისი "მოძრავი" კალაპოტით, რომელიც ინტენსიურად რეცხავს თავის მარცხენა სანაპიროს, ამიტომ საფიქრებელია რომ, ისევე როგორც ნაწილობრივ თვით სანათლავი, ეკლესიაც მდინარემ ჩამორეცხა და წაიღო [ზამთარაძე მ., 1979, გვ. 64-68].
არქეოლოგიური კამპანია გუდავაში 1968-72 წლებში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციის მიერ პ. ზაქარაიას ხელმძღვანელობით. შედეგად გამოვლინდა მცირე ზომის სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები ნახევარწრიული შვერილი აფსიდიდ (ტაბ. VII,5). ნაგებობის ზომებია 10,6 X 7 მ. იგი ბაპტისტერიუმად განისაზღვრა აფსიდის აუზისებური ფორმის გამო. ნაგებობის ნანგრევებში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულებიანი ანტეფიქსები, რომლებიც ანალოგების (მსიგხუას ტაძრის ანტეფიქსები) მიხედვით თარიღდება არა უგვიანეს X საუკუნისა. 1972 წელს სანათლავის ძირში გამოვლინდა ადრებიზანტიური ხანის პროკონესული მარმარილოს ხუროთმოძღვრული დეტალები, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს მის არსებობაზე მთელი ადრე შუა საუკუნეების მანძილზე X ს-ის ჩათვლით. შიგ სანათლავში აღმოჩნდა აგრეთვე საძვალე და დაზიანებული ორმოსამარხი [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1974, გვ. 140].
ბაპტისტერიუმის ჩრდილო–დასავლეთით 50-100 მ მანძილზე 1969 წლის გათხრების შედეგად გამოვლინდა დიდძალი

67
არქეოლოგიური მასალა, რომელთაგან ყველაზე დამახასიათებელია რომაული წითელლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ადგილობრივი გვიანანტიკური ყავისფერკეციანი ამფორები (IV-V სს.), ყვითელ- და წითელკეციანი იმპორტული (მცირე აზიური) ამფორები, "ხალიანი მინის" ფრაგმენტები (IV ს.), IV ს-ის 16 სპილენძის მონეტა კონსტანტინე დიდისა და ლიცინიუსის სახელზე მოჭრილი [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1974, გვ. 141-146]. აღმოჩენილ მონეტებზე დაყრდნობით გუდავის ბაპტისტერიუმი ზოგიერთი მკვლევარის მიერ IV ს-ითაა დათარიღებული [ხვისტანი რ., 1998, გვ. 59-64; ხვისტანი რ., 2005, გვ. 64]. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ბაპტისტერიუმი შესაძლოა IV – V სს. დათარიღდეს.

§ 6. განთიადი

განთიადის, იგივე ცანდრიფშის ბაზილიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე სოფ. განთიადში, ქ. გაგრიდან 14 კმ ჩრდილო-დასავლეთით. ძეგლი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი წინ გამოზიდული აფსიდით (ტაბ. V,1). ნაგებობას თავდაპირველად ნართექსიც ჰქონია, გათხრებით დადგინდა პატარა პორტიკის არსებობაც. ძეგლი ძლიერ დაზინებულია, კარგად შემორჩა მხოლოდ ცენტრალური აფსიდა კონქით და ბემა კამარით. ბაზილიკის კედლები ნაგებია საშუალო ზომის სწორი ფორმის კვადრებით (საშუალოდ 30X20-15სმ), რომელთა ზედაპირი ნაკლები გულმოდგინებითაა გამოთლილი. სწორედ ასეთი კვადრებითაა ნაგები დასავლეთ საქართველოს ადრექრიტიანული ბაზილიკები 68
(ნოქალაქევი, ვაშნარი, სეფიეთი, ციხისძირი) ისე, როგორც ამ რეგიონში, ამავე დროს აგებული თითქმის ყველა საფორტიფიკაციო ნაგებობა [Леквинадзе В., 1961, с. 177].
ვ.ლექვინაძის აზრით, განთიადის ბაზილიკას თავდაპირველად ხის გადახურვა და ორსართულიანი გვერდითი ნავები ჰქონდა [Леквинадзе В., 1970, с. 166]. მას როგორც ხით გადახურულ ძეგლს პარალელები ეძებნება თრაკიის ადრექრისტიანულ ბაზილიკებთან, სადაც სახურავად აგრეთვე ხეა გამოყენებული. თრაკიის ეს ბაზილიკები ზოგადად IV-VI სს-ით თარიღდება. მათი დიდი ნაწილი კი VI ს-ის შუა წლებს განეკუთვნება და იუსტინიანე დიდის (527-565 წწ.) აქტიურ ქრისტიანიზაციას უკავშირდება [Madjarov M., 1991].
განთიადის ბაზილიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ნაგებობის სიმოკლე, რაც შუა ნავის ცენტრში ახალი საკულტო ცენტრის გაჩენაზე მიუთითებს. ეს თავისებურება უფრო ქრისტიანული აღმოსავლეთის კამაროვანი ბაზილიკებისთვისაა დამახასიათებელი. ბაზილიკის ნავების სიგანე აღემატება ნავების სიგრძეს. ასეთი შემოკლება ცნობილია ყირიმიდან, ესაა პამპუკ-კაიას ბაზილიკა და ბაზილიკა სეფიეთში, რომელიც ყველაზე ახლო პარალელს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ძეგლებიდან [Леквинадзе В., 1970, с. 170].
1980 წელს არქიტექტორ-რესტავრატორის ნ. ზაზუნიშვილის მიერ განთიადის ბაზილიკის კამარის რესტავრირების დროს აღმოჩნდა კირხსნარით შედუღაბებული ამფორები (ტაბ. V,4,5,6). ეს მეთოდი ტრადიციაულია რომაულ-ბიზანტიური

69
არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის კონსტრუქციის შემსუბუქების [Хрушкова Л., 1985, с. 30] და ხმის გაძლიერების მიზნით გამოიყენება [Стражев В., 1925, с. 134]. ბემის კამარაში ამფორები 2-3 ფენას ჰქმნიდა, კონქაში – ერთ ფენას. ამფორები უსისტემოდ იყო განლაგებული. რამდენიმე ეგზემპლარი სრულადაა შემორჩილი, დანარჩენები კი ჩალეწილია. ზოგიერთი მათგანი ძველთაგანვე დაუმსხვრევიათ. მათი რიცხვი ორ ათეულს აღემატება [Хрушкова Л., 1985, с. 30].
ჭარბობს ძირწვეტიანი წელშეზნექილი ამფორა 0,70-0,75 მ სიმაღლის, დაბალი ყელით, მოწითალო-მოყავისფრო კეცით, თანაბარი გამოწვით [Хрушкова Л., 1985, с. 30] (ტაბ. V,4). ამ ტიპის ამფორები მრავლადაა აღმოჩენილი მთელს დასავლეთ საქართველოში, და არა მხოლოდ. მათ უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით; მეორე ტიპის ამფორა ორი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი, ესაა მრგვალძირიანი, სფერულმუცლიანი, ტანდაღარული ამფორა, 0, 52 მ სიმაღლის ფართე და მოკლე კორპუსით და მასიური ყურებით, კეცი ღიაყავისფერია [Хрушкова Л., 1985, с. 30] (ტაბ. V,5). ამფორის ეს სახეობა საკმაოდ გავრცელებულ კერამიკულ ტარას წარმოადგენდა იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში; მესამე ტიპი ერთი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი, ესაა ფართოძირიანი ამფორა, ოვალური კორპუსით, დაბალი ყელით, დუგმისებრი ყურით [Хрушкова Л., 1985, с. 30] (ტაბ. V,6).
საინტერესოა, რომ ლ. შერვაშიძის მიერ დრანდის ტაძრის კამარებში, ასევე, აღმოჩნდა ამფორები, რომელიც, ალბათ, იგივე

70
კონსტრუქციული მიზნით იყო გამოყენებული, როგორც განთიადში. დრანდაში წარმოდგენილია შვიდი ტიპის ამფორა, მათ შორისაა ცანდრიფშის ამფორათა ტიპებიც. დრანდის ამფორები მ. ხოტელაშვილისა და ა. იაკობსონის მიერ იქნა შესწავლილი, მათი თარიღი VI ს-ის I ნახევრით განისაზღვრა [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 193-200]. განთიადის ამფორებიც ზოგადად VI ს-ით თარიღდება, არა მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსების, არამედ თიხის რაგვარობის მიხედვითაც [Хрушкова Л., 1985, с. 31]. აღნიშნულ ამფორებს უფრო დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ, დრანდის ამფორებზე მსჯელობის დროს.
უშუალოდ ბაზილიკაში 15 სამარხია გათხრილი. ისინი უსისტემოდაა განლაგებული 0,7-1,25 მ სიღრმეზე იატაკის დონიდან. ყველა სამარხი დასავლეთითაა დამხრობილი. სამარხის აღმოსავლეთი ნაწილი შევიწროებულია. ეს სამარხები შეიძლება ორ ტიპად დაიყოს. პირველ ტიპს წარმოადგენენ წვრილი ქვით, კირხსნარით, კრამიტითა და აგურით ნაგები სამარხები, რომელიც ქვის ფილებით იყო გადახურული. სამარხში თხელი და კარგად გამომწვარი აგურია გამოყენებული [Хрушкова Л., 1985, с. 37-38]. ¹15 სამარხი შიგნიდან კირხსნარით იყო მოპირკეთებული, მსგავსად მოწყობილი სამარხი გაითხარა შაპკის ციხეში [Бгажба О., 1985, с. 464].
სამარხთა მეორე ტიპი მხოლოდ ქვითაა ნაგები, არცერთ მათგანს ძირი არა აქვს. სამარხთა ორივე ტიპი, როგორც ჩანს, სინქრონულია, ამაზე ინვენტარიც მიუთითებს. სამარხეული ინვენტარი ძირითადად მინის ჭურჭლითაა წარმოდგენილი; იგი

71
თავისებური ფორმით გამოირჩევა, ესაა მაღალი, ვიწრო, ცილინდრული ფორმის ცისფერი მინის სასმისი, მსუბუქად შეზნექილი ძირითა და გადაშლილი პირით. მსგავსი ფორმის სასმისი, აფხაზეთის სამარხებიდან, რომელიც ასე მდიდარია მინის ნაწარმით, უცნობია. ხრუშკოვას აზრით, ანალოგები მას აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც არ მოეპოვება. იგი ვარაუდობს ამ მინის ადგილობრივ წარმოებას. ქიმიურმა ანალიზმა უჩვენა, რომ განთიადის მინის სასმისების შედგენილობა უახლოვდება ანტიკურ (ეგვიპტურ) რეცეპტს: Si-Na (K)-Ca [Хрушкова Л., 1985, с. 36-41].
განთიადის სამარხების უახლოეს ანალოგს წარმოადგენს ბიჭვინთაში [Лорткипанидзе Г., Агрба З., 1982, с. 28] და ოჩამჩირის ეკლესიაში გათხრილი სამარხები, რომლებიც აგურითაა ნაგები კირხსნარზე [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 132-137]. მსგავსი ტიპის თიხისფილა სამარხები ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი – IV სს-ებით თარიღდება [Бибилури Т., 1983, c. 23; ბიბილური თ., 1982, გვ. 136-143; მანჯგალაძე გ., 1985, გვ. 63-82, 108].
ტაძარში გათხრების შედეგად გამოვლინდა დეკორატიული მარმარილოს (სავარაუდოდ პროკონესული) 70 ფრაგმენტი. პროკონესის კარიერები და სახელოსნოები კონსტანტინოპოლისა და სხვა დიდი ქალაქების ტაძრებისთვის აწარმოებდა დიდი რაოდენობით კაპიტელებს, კოლონებსა და ორნამენტირებულ ფილებს. საზღვაო გზით ეს პროდუქცია ხმელთაშუა და შავიზღისპირეთის ბევრ ქვეყანაში გაჰქონდათ. აღმოჩენილია იგი

72
აფხაზეთშიც, უმთავრესად ბიჭვინთა – ადლერის ზღვისპირა ზოლში [Хрушкова Л., 1979, გვ. 134]. განთიადის მარმარილოს დეტალების მნიშვნელოვანი ნაწილი სალიტურგიო მოწყობილობას – კანკელსა და ამბიონს განეკუთვნება [Хрушкова Л., 1985, с. 41-43]. მარმარილოს ერთ-ერთ ფრაგმენტზე ბერძნული წარწერა შემორჩა, იგი ცენტრალურ ნავში ¹6 სამარხთან აღმოჩნდა. მისი მაქსიმალური სიგრძეა 28 სმ, ჭრილი 13X9 სმ. მარმარილოს ერთი ბოლო ჩამოტეხილია. წარწერა ლამაზადაა შესრულებული, შემორჩენილა 5 ასო-ნიშანი CГIAC. ლ. ხრუშკოვა ამ წარწერას ეპიტაფიად მიიჩნევს და აღადგენს როგორც ABACГIAC [Хрушкова Л., 1982, с. 43].
ბაზილიკაში აღმოჩენილი, საეკლესიო ნივთებიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს კოვზი, ზიარებისათვის აუცილებელი საგანი, ჯვარი [Хрушкова Л., 1982, с. 38] და კერამიკული საკმევლის ფრაგმენტი [Хрушкова Л., 1985, с. 49-50].
აფსიდის ჩრდილოეთ ნავში გათხრების შედეგად გამოვლინდა სანათლავი ემბაზი, რომელიც იატაკის დონიდან ნახევარი მეტრით ქვემოთ იყო განლაგებული. რეზერვუარი წვრილი ქვებით იყო ნაგები. ემბაზს სამფურცელას ფორმა ჰქონდა. მსგავსი ფორმის ემბაზი არც თუ ისე ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია იგი პალესტინაში (ბეთლემის ბაზილიკა, IV ს.) და კონსტანტინოპოლში (VI ს.) [Хрушкова Л., 1985, с. 18]. საკურთხევლის მსგავსად მოწყობა, სანათლავი ემბაზის აფსიდაში განლაგება, დამახასიათებელია სირიის ძეგლებისათვის. მსგავსი მეთოდი ცნობილია აფხაზეთში – გუდავის ბაპტისტერიუმი.
73
განთიადის ბაზილიკის ბევრი თავისებურება ძეგლის ადრეულ თარიღზე მიუთითებს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ნიშნები. დაბალი არდაბაგი, მსგავსად სირიისა და მცირე აზიის ბაზილიკებისა, ამავე დროს აქ გამოყენებულია კონსტანტინოპოლური ტიპის ამბიონის დეტალები, რაც ამ რეგიონში, როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის, ისე კონსტანტინოპოლის გავლენებზე მიუთითებს [Завадская И., 2001, გვ. 264]. სამი აფსიდის არსებობა, ცენტრალური აფსიდა ბემით, შემოკლებული ზომები – უფრო განვითარებული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. არქეოლოგიური მასალები – სამარხთა ტიპები, არქიტექტურული დეკორატიული დეტალები, ამფორები და მინის ჭურჭელი (in situ) – VI ს-ით უნდა დათარიღდეს. ხრუშკოვა ბაზილიკას 542 წლამდე აგებულად მიიჩნევს, დროით, როდესაც ბიზანტიელები იძულებულნი შეიქნენ დროებით დაეტოვებინათ პიტიუნტი [Хрушкова Л., 1985, с. 26]. ეს თარიღი ეთანხმება ვ. ლექვინიძის მოსაზრებას, რომელიც განთიადის ბაზილიკის აგების თარიღს პროკოპი კესარიელის მონაცემების საფუძველზე, (იგულისხმება იუსტინიანეს მიერ აბაზგებისათვის ტაძრის აგებაზე) 527-542 წლებს შორის ათავსებს [Леквинадзе В., 1970, с. 173-174]. V-VI სს-ით განსაზღვრავს განთიადის ბაზილიკის თარიღს პ. ზაქარაია [Закарая П., 1983, с. 7].
74

§ 7. აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები

არქიტექტურული თემა "სამეკლესიანი ბაზილიკისა" უგუმბათო ტაძრის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. ამ ტიპის შენობა თავისი გარეგანი ფორმებით სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, მაგრამ შიგნიდან, როგორც სივრცის ორგანიზებით, ისე კონსტრუქციული აზრით, იგი სრულიად განსხვავდება ბაზილიკისგან, რადგან სვეტების თუ საბჯენების ნაცვლად, რომელიც ბაზილიკის შიდა სივრცეს ნავებად ჰყოფს, აქ კედლები ჩნდება და იქმნება სამი დამოუკიდებელი, რამდენადმე წაგრძელებული, მეტნაკლები სიმაღლის სათავსო. შუა ჩვეულებრივ შესამჩნევად უფრო დიდი და მაღალია, ვიდრე გვერდის სათავსები. ერთმანეთთან ისინი საკარე ღიობით არიან დაკავშირებულნი. შენობათა ამ ტიპმა საინტერესო ევოლუცია განიცადა საქართველოში და განსაზღვრულ ხანაში მოგვცა მხატვრულად დასრულებული ნაწარმოები [გ. ჩუბინაშვბილი, 1936, გვ. 65-66]. ბაზილიკის ეს ტიპი უცხო არ არის სხვა ქვეყნებისთვისაც, მაგრამ, როგორც გ. ჩუბინაშვილი განმარტავს, მხოლოდ ჩვენში მიიღეს ამ ტაძრებმა სახე განსაზღვრული დამოუკიდებელი ტიპისა. ამ სახის ძეგლები შემორჩენილია ქვემო ქართლში (ბოლნისი, ვანათი), მაგრამ მათი შემოქმედებითი განვითრების საფუძვლად მიჩნეულია კახეთი. აქ სამეკლესიანი ბაზილიკის ორ ათეულამდე ძეგლია შემონახული; მით უფრო ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ამ ტიპის ძეგლების არსებობა

75
აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, შენობის ეს ტიპი ერთნაირად მოსაწონი და მისაღები უნდა ყოფილიყო ამერ-იმერეთის ყველა მკვიდრთათვის. ეს გარემოება ბუნებრივად და კანონზომიერად გამოაჩენს სამეკლესიანი ბაზილიკების თითქმის ერთდროულ აღმოცენებას ქართლში, კახეთსა და აფხაზეთში [დ. თუმანიშვილი, 1993, გვ. 177]. როგორც ლ. რჩეულიშვილი შენიშნავს, აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები საინტერესო "ვარიაციას" წარმოადგენენ ამ საერთოქართული თემისა.
აფხაზეთში ამ ტიპის ოთხი ძეგლია შემორჩენილი: ძველ გაგრაში, აბაანთის ციხეში (სოფ. ლიხნი), ქიაჩის მთაზე და ამბარაში, მიუსერის კონცხზე. მათგან უძველესია ძვ. გაგრის ეკლესია, რომელიც გაგრის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი ჯერ კიდევ 1833 წელს უნახავს, ჩაუხატავს და აღუწერია დიუბუა დე მონპერეს: ...აქ შემორჩა მხოლოდ ეკლესია, აშენებული ქვის ლოდებისაგან და გამაგრებული კამარებით, ისევე, როგორც კოშკები და კედლები. ეს ყველაზე არქაული, ყველაზე უბრალო ეკლესიაა, რომელიც კი შეიძლება ვნახოთ ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიებს შორის. მხოლოდ ნავი კამარის ქვეშ, ნახევარწრიული საკურთხეველი აღმოსავლეთით, ეკვდერი დასავლეთით და ორი უხეში პორტიკი გვერდებზე. არ არის არავითარი მორთულობა [Дюбуа де Монперэ Ф., 1937, с. 95-96].
ეკლესიას საფუძვლიანი რემონტი XIX ს-ში ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, მან ძირითადად შეინარჩუნა ძველი სახე. თავისი გარეთა ფორმებით ეკლესია სამნავიან ბაზილიკას ჰგავს –
76
ფასადზე მკაფიოდ არის გამოვლენილი ბაზილიკური სილუეტი: მაღალი ცენტრალური ნავი ორფერდა სახურავის ქვეშ, დაბალი, ცალი ფერდით გადახურული გვერდის ნავები. მაგრამ გარეთა ბაზილიკური სილუეტი რამდენადმე არ ეთანხმება ეკლესიის ინტერიერს – შიდა სივრცე კედლებითაა სამ ნაწილად დაყოფილი და გასასვლელებით დაკავშირებული. სამივე "ეკლესიას" ცალკე შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთი "ეკლესია" რამდენადმე მოკლეა, ვიდრე ორი დანარჩენი. კარების, აფსიდის, კონქის, კარების თაღების მოყვანილობაში შეინიშნება ერთგვარი გადახრა ნალისებური ფორმისაკენ, რაც ადრექრისტიანულ ხანაზე მიანიშნებს [დიდებულიძე მ., 1977, გვ. 16-26; დიდებულიძე მ., 1995, გვ. 70].
გაგრის ეკლესიის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ მან შემოგვინახა ქართული (და არამხოლოდ ქართული) ადრექრისტიანული რელიეფებისათვის ასე დამახასიათებელი მოტივი – წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირობითად "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი. აქ რელიეფური ჯვრის სამი გამოსახულება გვაქვს – სამხრეთ და დასავლეთ კარის ტიმპანებსა და დასავლეთ კედელზე.
დამათარიღებელი მნიშნელობა აქვს გაგრის ეკლესიის კედლის წყობის მიმართებას ციხის კომპლექსის ფენებთან. ციხის ზღუდის წყობაში იკითხება სამი განსხვავებული ტექნიკა. ეკლესიის და ციხის ზღუდის I ფენის წყობის ერთგვარი ხასიათი მათ თანადროულობაზე უნდა მიუთითებდეს [რჩეულიშვილი ლ.,
77
1994, გვ. 268-270]. რაც შეეხება ზღუდის II ფენას, ის XIX ს-ეს, ხოლო III ფენა გაგრაში ოლდენბურგელი პრინცის მოღვაწეობას (1901 წლიდან) უკავშირდება.
მკვლევართა უმრავლესობა ამ ძეგლს V-VI სს., უფრო VI ს-ით ათარიღებს (ლ.რჩეულიშვილი, მ.დიდებულიძე, დ.თუმანიშვილი, ლ.ხრუშკოვა). ძველი გაგრის ეკლესია კომპოზიციურ მსგავსებას ავლენს კახეთის ზოგირთ ძეგლთან, მაგალითად, ბოლნისხევის წმ. ევსტატეს ეკლესია გრემთან, ვაზისუბნის "სამკარიანი" ეკლესია. ეს ძეგლები გ. ჩუბინაშვილის მიერ VI საუკუნითაა დათარიღებული [Чубинашвили Г., 1959, с. 161, 159].
ძალზედ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი ეკლესია აბაანთის ციხეში. მდებარეობს სოფ. ლიხნში, დასახლება აჯიმჩიგრაში, მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე. ნაგებობის კომპოზიცია აქ უფრო რთულია, ვიდრე ძვ. გაგრის ეკლესიისა. დასავლეთით შენობას მთელ სიგრძეზე ეკვრის ნართექსი. ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს წინ გამოზიდული ხუთწახნაგოვანი შუა აფსიდა [Рчелишвили Л., 1988, с. 73]. ძეგლის დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია აბაანთის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ტაძრის თანადროული სასარკმლე მინა, რომელიც ნ. უგრელიძემ VII-VIII სს-ით განსაზღვრა, არქიტექტურული თავისებურებითაც ძეგლი ამ დროით თარიღდება [Шервашидзе Л., 1979, с. 233].
ამბარისა და ქიაჩის ეკლესიები უფრო მასიურია, ვიდრე ორი წინამორბედი. ამბარის ეკლესია ქვარგვალითა და შირიმი ქვითაა

78
ნაგები. შუა "ეკლესია" აქ მკვეთრად უპირისპირდება გვერდით "ეკლესიებს", იგი სიმაღლითა და სიგანით აღემატება ორ დანარჩენს. კამარა, რომელიც დღეს ჩამოქცეულია, ეყრდნობოდა თაღების პილასტრებს. რთულადაა მოწყობილი ეკლესიის სამხრეთი ფრთა, რომელიც ორად იყოფა და ორივე აღმოსავლეთით აფსიდით მთავრდება. დასავლეთით ეკლესიას მთელ სიგრძეზე ნართექსი ეკვრის, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ დარბაზს უკავშირდება სამი თაღოვანი გასასვლელით. ნართექსის შუა ნაწილზე კი პატრონიკეა გამართული [Рчеулишвили Л., 1988, с. 73-74]. ძეგლი სტილური მონაცემებით VII-VIII სს-ით თარიღდება [Рчеудишвили Л., 1978, с. 23].
ამ ტიპის ტაძრების ყველაზე გვიანდელ ნიმუშს ქიაჩის ტაძარი წარმოადგენს. იგი ნაკლული სახითაა შემორჩენილი, მაგრამ ძეგლის კომპოზიციის აღდგენა შესაძლებელია. გაურკვეველია მხოლოდ დასავლეთ ნაწილის გადაწყვეტა. უკეთაა შემონახული ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი და შუა "ეკლესიის" სამხრეთ კედელი. ტაძრის დათარიღებისას გასათვალისწინებელია შუა "ეკლესიის" ორგანიზაცია – იგი ძლიერ წაგრძელებულია, რომლის ანალოგი ადრეულ ძეგლებში არ მოგვეპოვება. მსგავსება შეიმჩნევა "გარდამავალი პერიოდის" ძეგლებთან, მაგ., ნეძვის მონასტრის ეკლესია IX ს.; გარდა ამისა, დარბაზის კედლები დანაწევრებულია სამი წყვილი, მკვეთრად წინ წამოწეული, ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომლებიც ერთმანეთთან კედლის თაღებითაა დაკავშირებული. ეს ფორმა VIII-IX და X სს-ების პერიოდს უკავშირდება [Рчеулишвили Л., 1988, с. 75-76]. ქიაჩის

79
ტაძარი, ოდესღაც წმ. მთავარანგელოზთა, მთელს დასავლეთ საქართველოში ცნობილი სალოცავი ყოფილა [თუმანიშვილი დ., 1995, გვ. 68].
აფხაზეთის სამეკლესიან ბაზილიკებს კახეთისა და ქართლის ამავე ტიპის ძეგლებისაგან განსხვავებით გარკვეული თავისებურება ახასიათებს, მაგალითად, დასავლეთი ნაწილის დაგეგმარება; თუკი აღმოსავლურქართულ კომპოზიციებში აქ, როგორც წესი, ღიათაღებიანი სტოაა მოთავსებული, რომელიც ერთმანეთთან გვერდით „ეკლესიებს" აკავშირებს, მიუსერასა და აბაანთაში დასავლეთით ნართექსია მოთავსებული. მაგრამ, როგორც ლ. რჩეულიშვილი შენიშნავს, ეს ელემენტიც (ნართექსი) თვით ქართული ხუროთმოძღვრებისთვისაც არაა უცნობი (მაგ. წრომი), ამიტომაც ნართექსი, არა იმდენად წმინდაბიზანტიურ ფორმად უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც უფრო საერთოქრისტიანულად.
რათქმაუნდა, ამ ეკლესიების არსებობა აფხაზეთში არ შეიძლება ასახავდეს ქართლის პირდაპირ პოლიტიკურ ზემოქმედებას დასავლეთ საქართველოზე, მით უმეტეს, ცნობილია ბიზანტიის როლი იმდროისათვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ქართლსა და ეგრისს შორის საეკლესიო-კულტურული ერთობის არსებობას VI-VII სს-ში (ს. ჯანაშია, ზ. ალექსიძე). ამ ერთობის რეალურობის ახსნას შეეცადა ზ. ალექსიძე სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის, "მოქცევაი ქართლისაი"-სა და "ქართლის ცხოვრების" მონაცემებზე დაყრდნობით. იოანე დრასხანაკერტელი წერს: "ამ მოსემ (სომეხთა კათალიკოსმა) ხელი

80
დაასხა წმინდა საკრებულოს უხუცესს კირიონს ქართლის სამწყსოს, გუგარქის და ეგრისის არქიეპისკოპოსად". ზ. ალექსიძე განმარტავს: თუ იოანე კათოლიკოსს სწორი წარმოდგენა აქვს ქრონოლოგიაზე, იგი 599 წელს უნდა გულისხმობდეს, ე.ი. X ს-ის სომეხი ისტორიკოსის მიხედვით, VI-VII სს-ების მიჯნაზე ქართლისა და ეგრისის ეკლესიები ერთი მწყემსმთავრის ხელქვეით გაერთიანებულა. ეს მწყემსმთავარია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების აქტიური მონაწილე, ცნობილი ქართველი მოღვაწე, კირიონ ქართლის კათალიკოსი [ალექსიძე ზ., 1968, გვ. 167-168].
ქართლისა და ეგრისის საეკლესიო-კულტურულ ერთიანობაზე მოსაზრება აქვს გამოთქმული ს. ჯანაშიას. მისი დაკვირვებით: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით, VI ს. 70-იანი წლებიდან VII ს. 60-იან წლებამდე) ეგრისი და ქართლი ერთ საერთო საეკლესიო-რელიგიურ ფარვატერსა და ბიზანტიის ერთიანი პოლიტიკური ეგიდის ქვეშ ექცევიან. ისევე როგორც უფრო ადრე ირანი, ეხლა ბიზანტიის მთავრობაც ეცდებოდა გარკვეული ორგანიზაციული თანხმობა დაემყარებინა ადგილობრივ ეკლესიებს შორის. რა კონკრეტული სახით ხორციელდებოდა იგი ამჟამად გადაჭრით ძნელი სათქმელია, მაგრამ რაღაც გავლენა საეკლესიო-კულტურული, უნდა გავრცელებულიყო, სწორედ ამ დროს, ქართლიდან ეგრისში" [ჯანაშია ს., 1949, გვ. 122-123]. ს. ჯანაშია კიდევ უფრო აზუსტებს ამ ერთობის თარიღს: "ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა ასეთ ხანად მიგვეჩნია VII ს. I ნახევარი (იქნებ უფრო 30-იანი ან 50-იანი

81
წლები), როცა ზემოაღწერილი კავშირი მყარდება ქართლსა და ეგრისს შორის, თვით კონსტრუქცია-კი ჩაგვეთვალა უფრო საეკლესიო-კულტურულისა და საეკლესიო-ორგანიზაციული ერთობის ანარეკლად, ვიდრე პოლიტიკური მთლიანობის გამოხატულებად" [ჯანაშია ს., 1949, გვ. 124].
ამ საეკლესიო-კულტურული ერთიანობის ფაქტობრივ საილუსტრაციო მასალად შეიძლება, ალბად, მივიჩნიოთ არქიტექტურული თემა "სამეკლესიანი ბაზილიკებისა", რომელიც საერთოა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთვის. როგორც ვ. ბერიძე შენიშნავს, ამ ტიპის ეკლესიების არსებობა აფხაზეთში, ბუნებრივია, შემთხვევითი არ შეიძლება იყოს. იგი რეალური კულტურულ-ისტორიული ვითარების მაჩვენებელია [ბერიძე ვ., 1995, გვ. 65]. დ. თუმანიშვილის სამართლიანი დაკვირვებით კი, ამ ტიპის ეკლესიების არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე გვარწმუნებს, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველოსა და, კერძოდ, აფხაზეთში ბიზანტიელთა უმწვერვალესი ძლიერების ხანაში ცოცხალი და მოქმედი ყოფილა ადგილობრივი საწყისი და იგი იმავე ბუნებისაა, რაც აღმოსავლეთ თუ სამხრეთ საქართველოში; ასე რომ, ამ ძეგლების მოწყვეტა ზოგად ქართული ნიადაგიდან ისტორიულად გაუმართლებელია. (
ირმა ბერძენიშვილი

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента