ЭКОНОМИКА

რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში

21.11.15 19:37


კავკასიის რეგიონი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა სხვადასხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესის საგანს და მათი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ბრძოლის ველს. საბჭოთა კავშირსა და ზოგადად რუსეთს ამ რეგიონში ყოველთვის ლიდერის პოზიცია ეჭირა და აქ არსებული პატარა ერების ბედს ხშირად თავისი სურვილისამებრ განაგებდა. სამხრეთ კავკასიის კონტროლირება ყოველთვის წარმოადგენდა რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ხოლო 1992-93 წლებში რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტების ჯაჭვმა, კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის როლი და ყურადღება.


საბჭოთა კავშირის და ზოგადად რუსეთის ძირითადი დასაყრდენი ყოველთვის იყო სამხედრო ძალა, რაც მისი "წარმატების" უმთავრეს გარანტს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხებოდა ეთნიკურ და სეპარატისტულ კონფლიქტებს. მოდავე ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას რუსეთი ამართლებდა, როგორც არსებული კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთ გზად, თუმცა სინამდვილეში ეს სამხედრო დახმარება და ზოგადად რუსეთის, როგორც მედიატორის როლი, უფრო აღრმავებდა არსებულ კონფლიქტს. ამის საუკეთესო მაგალითად კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი შეიძლება დავასახელოთ.

დღესდღეობით, მთიანი ყარაბაღი არის დე ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავს "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკად" აცხადებს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ეს დე ფაქტო სახელმწიფო, ძალიან ახლოს მდებარეობს სომხეთთან და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ, ასევე მიმოქცევაშია სომხური ფულადი ერთეული – დრამი.

ეთნიკური დაპირისპირება ამ რეგიონში ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა 1988 წლის 20 თებერვალს მხარი დაუჭირა რეგიონის შეერთებას სომხეთის სსრ-თან. საბჭოთა კავშირის დაშლისპირა მდგომარეობამ კიდევ უფრო გაზარდა სომხური სეპარატისტული მოძრაობის ინტერესი. Human Rights Watch–ის მიხედვით, "სომხეთმა აქტიურად დაიწყო იარაღის, ახალწვეულთა და შსს-ს სამხედრო შენაერთების გაგზავნა ყარაბაღში." ფართომასშტაბიან ომში ეს კონფლიქტი უკვე 1992 წლის ბოლოს გადაიზარდა. 1993 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიკავეს, საიდანაც აქტიურად დაიწყეს აზერბაიჯანული მოსახლეობის განდევნა. ამ ომს ორივე მხრიდან 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამასთან ათასობით ადამიანი იქნა გადასახლებული საკუთარი სახლიდან (სტატისტიკური მონაცემებით 700 000 აზერბაიჯანული და 250 000 სომეხი დევნილად იქნა გამოცხადებული ამ კონფლიქტის შედეგად).
პირველი შეტაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 1988 წლის თებერვალში მოხდა (ყარაბაღის პარლამენტის მიერ სომხეთთან მიერთების მოთხოვნისთანავე), რომლის დროსაც 2 აზერბაიჯანელი დაიღუპა, ხოლო 50 სომეხი დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კომენტარებში საბჭოთა კავშირის მიერ გაგზავნილმა გენერალმა კაუცევმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი 2 დაღუპული აზერბაიჯანელის ეროვნებას, რამაც შეიძლება ითქვას კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა და კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები ეთნიკურ დონეზე. ეს სატელევიზიო გამოსვლა თავიდანვე იქნა შეფასებული, როგორც საბჭოთა კავშირის მცდელობა 2 ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ესკალაციისა. "დაყავი და იბატონე" – ეს პრინციპი კარგად იყო გამოცდილი მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე, რადგან ხელისუფლებას ბევრად უადვილებდა იმპერიის მართვას. თუმცა 80-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ უკვე დაშლის პირას მყოფ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მთავრობის შანსები, სამხედრო ძალით აღედგინა კონტროლი, ნელ-ნელა სუსტდებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რუსული ინტერესი არსებული კონფლიქტის კიდევ უფრო დაძაბვისა და გაყინვისა ძალზედ დიდი იყო, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი შეძლებდა შეენარჩუნებინა მთავარი მოთამაშის და მომლაპარაკებლის როლი. ეს იყო რუსული სტრატეგია – კონფლიქტის მონაწილეები საკუთარი გავლნის ქვეშ მოექცია. მსგავსი სტრატეგია გამოყენებულ იქნა ასევე სხვა კავკასიურ კონფლიქტებში, მაგალითად თუნდაც აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი კმარა.

სტატუს კვოს შენარჩუნება არსებულ კონფლიქტში განპირობებულია რუსეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინტერესით – აზერბაიჯანის ენერგო-რესურსები. კასპიის აუზში დაბანდებული ამერიკული ინვესტიციების კვალდაკვალ ასევე გააქტიურდა რუსული ენერგო და ეკონომიკური პოლიტიკაც აზერბაიჯანთან მიმართებაში. აშკარაა, რომ მოსკოვი ცდილობს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორებში საკუთარი პოზიციის საშუალებით გაამყაროს კავშირები აზერბაიჯანთან, რის ნათელ მაგალითსაც ამ ქვეყნებს შორის დადებული უამრავი ორმხრივი ხელშეკრულება წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია კომპანია ლუკოილი, რომელიც კასპიის აუზის რუსულ ნავთობ-პროექტებში ექსკლუზიური უფლებებით სარგებლობს. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სწორედ ყარაბაღის კონფლიქტის "გაყინვის" შემდეგ კომპანია ლუკოილმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საკუთარი პოზიცია ყარაბაღის ნავთობ საბადოზე.
კონფლიქტში რუსული პოლიტიკის მიერ გადადგმულ მთავარ საწყის ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს 1993 წელს ვლადიმერ კაზიმირევის დანიშვნა საგანგებო წარმომადგენლად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ამ საკითხზე ის ანგარიშს პირადად პრეზიდენტს აბარებდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტის მოგვარების მისეული მცდელობები წარუმატებლად დაიწყო, რადგან ის მიმდინარეობდა მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული იერიშების ფონზე.
იმისათვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი მიუკერძოებლობა ამ კონფლიქტში, რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს სამ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც იგმობოდა იერიშები და რომელიც ასევე მოითხოვდა სომხური ჯარების გაყვანას ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. რუსეთის აქტიური მხარდაჭერის მოლოდინში ალიევმა საპასუხო იერიშების განხორციელება ბრძანა, თუმცა ამას შედეგად უამრავი მსხვერპლის გარდა არაფერი მოჰყოლია.

1994 წელს უკვე გენერალი გრაჩოვი ჩაუდგა სათავეში ამ პრობლემის მოგვარებას რუსეთის მხრიდან. მის მთავარ მიზანს და დავალებას წარმოადგენდა სამივე ამიერკავკასიის ქვეყანაში განლაგებული რუსული სამხედრო ძალების კონსოლიდაცია. ამავდროულად, ალიევი ცდილობდა მინსკის ჯგუფი მოლაპარაკებებს დაბრუნებოდა. 1992 წელს ეუთომ მინსკში ჩაატარა კონფერენცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მონაწილე სახელმწიფოებმა ასევე ჩამოაყალიბეს ე.წ. "მინსკის ჯგუფი", რათა ხელი შეეწყოთ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისა და პრობლემის გადაჭრისთვის.
ალიევი ცდილობდა საკითხის ღიად დატოვებას ეუთოს დაგეგმილი სამიტის ბუდაპეშტში ჩატარებამდე, სადაც რუსეთი დადგებოდა დილემის წინაშე – კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საკუთარი პრეროგატივებისთვის კავკასიის რეგიონში, თუ საშუალება მიეცა ეუთოსთვის კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიურად ჩართულიყო, რაც საბოლოოდ რუსეთის გავლენას შეასუსტებდა. ამ შემთხვევაში რუსეთის მთავარ მიზანს წარმოადგენდა აბსოლუტურად გამოერიცხა ან მინიმუმამდე შეემცირებინა ეუთოს მშვიდობისმყოფელთა მისია კონფლიქტურ რეგიონში.
სწორედ ბუდაპეშტის სამიტის შემდეგ დაიწყო ჩეჩნეთის ომი. რუსეთი იძულებული გახდა მთელი თავისი სამხედრო ძალა, არსენალი და ყურადღება ამ საკითხისკენ გადაეტანა, თუმცა ის მაინც არ აძლევდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ მშვიდობისმყოფელებს ყარაბაღის კონფლიქტში აქტიურად ჩართვის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ვერც "მინსკის ჯგუფმა" შეასრულა წარმატებული მომლაპარაკებლის ფუნქცია. გარდა იმისა, რომ ორგანიზებას უკეთებდა ორ თვეში ერთხელ კონფლიქტის მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრას, რათა დიალოგი არ შეწყვეტილიყო.

1996 წელს უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი პრიმაკოვი ჩაერთო კონფლიქტის მოგვარების პროცესში, თუმცა რეალურად მის მთავარ მიზანს რუსეთის, როგორც მთავარი მომლაპარაკებლის როლის კიდევ უფრო განმტკიცება წარმოადგენდა. შესაბამისად, ბევრი არაფერი გაკეთებულა პრობლემის გადაჭრისთვის, მაგრამ ცხადი ხდებოდა ისიც, რომ რუსეთს ამ კონფლიქტის "მოგვარების" საკუთარი გეგმა ჰქონდა. ერთის მხრივ ის არწმუნებდა აზერბაიჯანს, რომ ნავთობით მიღებული შემოსავლის ხარჯზე ის შეძლებდა ძლიერი არმიის შექმნას და საბოლოოდ სამხედრო ძალით დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას. მეორეს მხრივ კი 1996 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი აშკარად მხარს უჭერდა ლეონ ტერ პეტროსიანს, რაც მიუთითებდა იმ ფაქტზე რომ მომავალ პრეზიდენტს რუსეთის უპირობო მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონოდა. ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯების შედეგად ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ იყო დაინტერესებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით. კონფლიქტურ რეგიონში მშვიდობის დამყარება აზრს დაუკარგავდა რუსეთის, როგორც მედიატორის როლს და შესაბამისად მოუსპობდა რეგიონის კონტროლის საშუალებას. ამასთან შემცირდებოდა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამხედრო დამოკიდებულება რუსეთზე, რაც თითქმის აბსოლუტური თავისუფლების ტოლფასი იქნებოდა ყოფილი დომინანტისგან.
თუმცა ამ ყველაფრის მიუხედევად ტრანსკავკასიურმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს უფრო მჭიდროდ კონსოლიდაცია, რითაც აქტიურად სარგებლობს რუსეთი და ინარჩუნებს გავლენას სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე. აზერბაიჯანული ნავთობ რესურსები კვლავ რუსეთის უმთავრეს ინტერესის საგანს წარმოადგენს. ასევე ფაქტია ისიც, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ და ბაქო-ერზრუმის გაზსადენის რუსეთის გვერდის ავლით გაყვანამ, კიდევ უფრო გააცხოველა ჩრდილოელი მეზობლის მისწრაფება ამ რეგიონში საკუთარი ძალებისა და გავლენის გამყარებისა. პუტინის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ რუსულმა პოლიტიკამ აზერბაიჯანის მიმართ განსაკუთრებით პრაგმატული ხასიათი შეიძინა (განსაკუთრებით ეს ეკონომიკურ დონეზე შეიმჩნევა) და ეს ყველაფრი მაშინ, როცა სომხეთი კვლავ რუსული თითქმის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს. კრემლის ეს პოლიტიკა ცხადყოფს, თუ რამდენადაა ის დაინტერესებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით და შიშობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმება, შეამცირებს მის გავლენას სომხეთზე, რომელიც რეალურად უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენს რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში.
რუსეთის მედიატორულ ფუნქციებს ეჭვქვეშ აყენებს კიდევ ერთი ფაქტი – რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხილებულ იქნა 1994-96 წლებში სომხეთის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების ფაქტში.

თანამედროვეობა – სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ

ქართულ-რუსული ომის შემდეგ კავკასიაში ახალი პოლიტიკური თამაში დაიწყო. რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე სომხეთმა მეზობლებთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე დაიწყო ფიქრი. ამ ფონზე კი აზერბაიჯანის მზერა რუსეთისკენ იქნა მიმართული – ყარაბაღის პრობლემამ წინა პლანზე გადმოინაცვლა. უკვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლოა ყარაბაღი გლობალურ პროექტებზე გაიცვალოს, ანუ აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთის ხელშეწყობით მოაგვაროს, ხოლო სანაცვლოდ თავად იმოქმედოს რუსეთის ენერგოინტერესების შესაბამისად.
როგორც თავად აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ილგარ მამედოვმა განაცხადა, "რუსეთი შეიძლება დაეხმაროს აზერბაიჯანს ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანა მოსკოვის მიმართ სრულ ლოიალობას გამოიჩენს. ამ ლოიალობაში კრემლი გულისხმობს, როგორც მინიმუმ, აზერბაიჯანის უარს ნატოში გაწევრიანებაზე და რუსეთთან აზერბაიჯანის მჭიდრო ენერგეტიკულ თანამშრომლობას." საგულისხმოა, რომ აგვისტოს მოვლენებმა სომხეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, რადგან რუსეთიდან ამ ქვეყნისკენ მიმავალი ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალი სწორედ საქართველოზე გადის. შემთხვევითი ალბათ არც ის იყო, რომ კონფლიქტის პირველივე დღეებში სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტერ პეტროსიანმა ღიად განაცხადა: "მოვიდა დრო ერევანმა ანკარასთან და ბაქოსთან ურთიერთობების მოგვარებაზე იფიქროს, რათა ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა გაუჩნდეს და ასევე სხვა ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობისთვის გამოძებნოს ადგილი." სწორედ ასეთ დროს ერევანში თურქეთის პრეზიდენტი ჩავიდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ორ ქვეყანას შორის ყინულის დნობის პროცესი დაიწყოს და სომხეთი საერთაშორისო პროექტების არეალში მოექცეს.

ამ გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთი საკუთარ ბერკეტს ყარაბაღის სახით, თავისივე ენერგო-ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს და იმ შემთხვევაში, თუ დაუშვებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას, ეს მოხდება აზერბაიჯანზე რუსული გავლენის გაზრდის ხარჯზე. ამ მიმართულებით რუსეთის აქტიურობის მკაფიო მაგალითია აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების მოსკოვში შეხვედრა და ამ მოლაპარაკებების ფარგლებში მიღებული დეცლარაცია. თუ კრემლი ერევანისგან ყარაბაღის საკითხში ბაქოსთან კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს, ამის სანაცვლოდ მას ნაბუკოს ნავთობსადენის პროექტში ჩართავს. ასე რომ ყარაბაღის სახით რუსეთს საკმაოდ ძლიერი ბერკეტი აქვს კავკასიის რეგიონში და გარკვეული ძვრები ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ისევ და ისევ, მის ინტერესებს ემსახურება და არა მის კეთილ ნებას პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისა.

ამას გარდა, ყარაბაღის საკითხში გარკვეული ძვრები მეორე კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების აშკარა ოკუპაცია განახორციელა და საერთაშორისო ასპარეზზე "თავი შეირცხვინა", შესაძლოა ამ ნაბიჯებით (ყარაბაღის პრობლემის წინ წამოწევით) ის ცდილობს გააბათილოს აგვისტოს მოვლენები, ხაზი გაუსვას საკუთარ მედიატორულ ფუნქციებს კავკასიის რეგიონში და ზოგადად აქ არსებულ კონფლიქტებში.

ამ ვარაუდების მიუხედავად რაიმე კონკრეტულ დასასრულზე ჯერ მაინც ადრეა საუბარი. თუმცა, რა ტიპის კონსენსუსიც არ უნდა შედგეს, სომხური და აზერბაიჯანული საზოგადოებები გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იქნებიან. პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამ კონსენსუსის ძიების შემუშავებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს მონაწილეობა არ მიუღიათ – საკითხის ნებისმიერი სახით გადაწყვეტის გზა კრემლზე გადის. ეს არის დამალული, ჩაკეტილი მოდელი კულისებს მიღმა მოლაპარაკებებისა, რომელიც შემდგომ "განაჩენის" სახით უნდა წარედგინოს ორივე ერს.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента